ცენტრის მისია

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სამხერთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) და კორპორაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პროგრამის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ საერთო ინიციატივის საფუძველზე

.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2011 წლის 10 ოქტომბერს.  ცენტრის მისიაა ქართული უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე განათლების ხარისხის ამაღლება; სამართალმცოდნეობის ყველა ქართველი სტუდენტისთვის პროფესიული უნარების, მათ შორის მედიაციის უნარჩვევების დახვეწა; სამართლის პროფესორებისათვის სწავლების მეთოდების განითარების ხელშეწყობა ისევე როგორც პრაქტიკოსი იურისტებისათვის განგრძობადი იურიდიული განათლებით უზრუნველყოფა; იურიდიული ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ვრცლად
blogi

რატომ ევროპა?

2018-02-21
უკან

 ეპიზოდი  I

 

საზოგადოების დემოკრატიულობისა და სამართლებრივი კულტურის ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ როგორ ახერხებს ეს საზოგადოება  დავების გადაწყვეტას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობაა. ევროპის საბჭო აქტიურად  მუშაობს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ახალ მოდელზე. ამ პროცესში ჩართულია ევროსაბჭოს 47 ქვეყანა. შემუშავებულია ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც გამოყოფს 20 კომპეტენციას, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები. დოკუმენტის მიხედვით აღნიშნული კომპეტენცია მოიცავს 25 დესკრიპტორს, მაგალითად, პიროვნებათაშორისი კონფლიქტების მოგვარების დროს ადამიანის უფლებათა პრინციპების გამოყენება, კონფლიქტის მოგვარების სურვილი, კონფლიქტის მიზეზებისა და სხვა ასპექტების ანალიზის უნარი, კონფლიქტური სიტუაციიდან მხარეებისთვის მისაღები გამოსავლის პოვნის, სხვა ადამიანების ემოციური განწყობის, როგორიცაა კონფლიქტთან დაკავშირებული სტრესი, მღელვარება და საფრთხის შეგრძნება, ეფექტურად მართვის უნარი და სხვა.

 

რაოდენ სასიხარულოა, რომ ჩვენ, ქართველებს ამ მხრივ, დიდი ძალისხმევა და  ბევრი თავისმტვრევა არ გვჭირდება, ჩვენს ქვეყანას აქვს დავების გადაწყვეტის ხანგრძლივი ტრადიცია. კერძოდ, მედიატორთა ინსტიტუტი საქართველოში არსებობდა ჯერ კიდევ წინასახელმწიფოებრივ ხანაში, გვაროვნული წყობილების დროს. ქართული სამართლის ძეგლებში ასახულია  უამრავი მაგალითი  ერთი შეხედვით ჩიხში  მოქცეული სიტუაციიდან  მომრიგებელთა, შუამავალთა მცდელობით ღირსეული და ყველასთვის მისაღები გამოსავლის პოვნისა. ეს ინსტიტუტი არსებობდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში: როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მთიანეთში. დოკუმენტური მასალა და ის ფაქტი, რომ სამედიატორო პროცესი თავისი ისტორიული სახით დღემდე არსებობს საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, ამ ინსტიტუტის მაღალ ეფექტურობაზე მეტყველებს. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო  უპრეცედენტო მოვლენა თამარის ეპოქიდან - 1184 წელს ყუთლუ-არსლანის მომხრეთა აჯანყების დროს ვითარების განსამუხტად დასელებთან ორი ცნობილი და ყველასგან დაფასებული მანდილოსნის  - სამძივართა დედის კრავაი ჯაყელისა და ქართლის ერისთავთ-ერისთავის, რატი სურამელის დედის ხვაშაქ ცოქალის გაგზავნა. რასაკვირველია, თამარისთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა განდგომილთა შეპყრობა და სასტიკად დასჯა, მაგრამ მან  მიიღო ფრიად გონივრული გადაწყვეტილება, მოლაპარაკების გზა აირჩია, გამოიყენა ყველასათვის პატივცემული ქალბატონების ავტორიტეტი, აგრეთვე ქართველთა ბუნებაში ღრმად გამჯდარი ქალის პატივისცემა, რამაც სასურველი შედეგი გამოიღო.

ზემოთქმულიდან გამომდინარე,  ჩვენ არა მარტო  შეგვიძლია წარსულიდან მზა რეცეპტების ამოღება და თანამედროვეობასთან მისადაგება, ასევე გვაქვს შესაძლებლობა, ევროპასაც ვამცნოთ, რომ ეს ველოსიპედი ჩვენმა წინაპრებმა დიდი ხნის წინ გამოიგონეს და შევთავაზოთ ამ კუთხით ჩვენი მდიდარი  ისტორიული გამოცდილება.

 

ეპიზოდი  II

 

ამ ბოლო ხანებში ხშირად  ისმის  გამოთქმა „ევროპული მოვლენები“ საქართველოში. ამაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და ა.შ. მაინც, რა მოვლენები მოიაზრება ამ გამოთქმის უკან?

 

  • ქართული ფეოდალიზმი და პატრონყმობის სისტემა
  • აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების

გამიჯვნა -დავით აღმაშენებლის დროს.

 

  • „ვეფხისტყაოსანი“ - ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეა
  • „ვეფხისტყაოსანი“ - თვითმპყრობელი, რეფორმატორი და

ტოლერანტი (შემწყნარებელი), მეფე მოსიყვარულე და სამართლიანი, გაჭირვებულებზე მზრუნველი მეფის იდეა.

 

  • სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და ძალაუფლების

დანაწილების ყუთლუ-არსლანისეული ხედვა -1184 წელი.

 

  • პროგრესული ქართული სამართალი -სიკვდილის დასჯის

შეჩერება და წამების აკრძალვა - თამარ-მეფის დროს.

 

როგორ შეიძლება ამ სტრიქონების წაკითხვისას პროტესტის გრძნობა არ დაგეუფლოს. ასე მგონია, ამის ავტორი  დროსა და სივრცეშია დაკარგული. რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ, რომ ჩამოთვლილი მოვლენებიდან უმრავლესობა დროში წინ უსწრებს ანალოგიურ მოვლენებს ევროპაში.  მაგალითად,  მოსიყვარულე, სამართლიანი და გაჭირვებულებზე მზრუნველი მეფის იდეა, რომელსაც რუსთველმა ჯერ კიდევ XII საუკუნეში დაუვიწყარი სტრიქონები მიუძღვნა, შემდგომში გახდა  ევროპული სოციალური იდეალი: „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები”. ან თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ იმ  დროს, როცა ევროპაში გილიოტინაზე თავის მოკვეთა სახალხო სანახაობადაა ქცეული,  თამარ  მეფე აუქმებს ასოების მოკვეთას, აჩერებს სიკვდილით დასჯას, ავითარებს ქველმოქმედებას – შემდგომში წმინდა ევროპულ იდეალებს და პრინციპებს, „ვეფხისტყაოსანში“ გაჟღერებული მართალი სამართლის იდეა, გამოხატული სიტყვებით; „ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“,  რომელსაც შემდგომ დაეფუძნა ევროპული ცივილიზაცია. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს  რელიგიური მშვიდობიანობა, ყველა რელიგიის პატივისცემა და დახმარება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა იყო. რაც შეეხება ყულთუ-არსლანის დასის პროგრამას, მასში მთელი ფეოდალური საქართველოს სახელმწიფო წყობილების გარდაქმნის იურიდიულ საფუძვლად მიჩნეულია სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების საერო მოძღვრება, ამ პროგრამაში 2 უმთავრესი პუნქტი იყო - ა) პარლამენტის მსგავსი დაწესებულების შექმნა; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილება და მისი განხორციელება სხვადასხვა ორგანოების მიერ. ივ.ჯავახიშვილს თუ დავესესხებით, ამ მოვლენას, იმ ეპოქის მსოფლიო ისტორიაში ანალოგი შეიძლება მოეძებნოს მხოლოდ ინგლისის თავისუფლებათა დიდ ქარტიაში (1265წ), ანუ თითქმის ერთი საუკუნით უსწრებს დიდ ქარტიას, რაც ყუთლუ არსლანის დასის მოძრაობის მსოფლიო-ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილების საერო მოძღვრების კლასიკური საფუძვლები ლოკმა და მონტესკიემ მხოლოდ XVIII საუკუნეში ჩამოაყალიბეს, აღარც იმაზე, რომ ქართული რენესანსი რამდენიმე საუკუნით უსწრებდა წინ ევროპულს).

 

რაღა ბევრი გავაგრძელო. ალბათ დამეთანხმებით, მაქვს გულისტკივილის მიზეზი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ევროპული მოვლენები“ ყველგან ბრჭყალებშია ჩასმული, მაგრამ ბრჭყალებში ჩასმა უშველის საქმეს? სამწუხაროა, რომ საუბრისას ბრჭყალები ვერ აღიქმება მსმენელის მიერ (და თუნდაც აღიქმებოდეს, საეჭვოა, ყველამ იცოდეს მისი მნიშვნელობა). დალოცვილებს წინ „ეგრეთ წოდებული“ მაინც წაემძღვარებინათ, უფრო სამართლიანი კი ის  იქნებოდა, ამ მოვლენებისთვის დაერქმიათ „ქართული მოვლენები ევროპაში“.

 

 

ეპიზოდი  III

 

ამას წინათ საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრაზე  ასეთი  მითი მოვისმინე: „თუ ხელს მოვაწერთ,  (იგულისხმება ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა), ჩვენი ტრადიციული ექსპორტი რუსეთში დაიღუპება ევროპული სტანდარტების მიღების გამო“. მეგობრებო, რატომ შეურაცხყოფთ რუსეთს? თქვენ გინდათ თქვათ, რომ რუსეთი უხარისხო პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას ხარისხიანთან შედარებით? რუს ხალხს გემოვნება არა აქვს? ვინც ასე ფიქრობს, ე. ი. არასდროს ყოფილა რუსეთში,  არასდროს უნახავს ევროპული უმაღლესი ხარისხის სურსათითა თუ სამრეწველო საქონლით სავსე დახლები და არ გამოუცდია 3-4 საათიან, ზოგჯერ კილომეტრიან  რიგში დგომა, არ შეუხედავს  ხალხით გადაძეძგილ რესტორნებში მოსკოვსა თუ მის შემოგარენში და არ უხილავს , პრაქტიკულად რას ნიშნავს „სმა-ჭამა დიდად შესარგი“, ასე, რომ, ქართველო მწარმოებლებო, ნუ შეგეშინდებათ, აწარმოეთ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია და გაბედულად შეიტანეთ რუსეთის ბაზარზე, დარწმუნებული ვარ, რუსი მომხმარებელი გაშლილი ხელებით შეხვდება თქვენს ხარისხიან ნაწარმს.

 

ბოლოს, ერთი რჩევაც მინდა მოგცეთ: ერთმანეთში ნუ აურევთ პოლიტიკას და ბიზნესს. ჩვენ არაერთხელ ვიწვნიეთ რუსეთის მხრიდან არა მაღალი ხარისხის გამო, არამედ პოლიტიკურად მოტივირებული აკრძალვები და შეზღუდვები. თუ ამის გეშინიათ, მინდა დაგამშვიდოთ, ძალიან მეეჭვება, 4 მილიონიანმა საქართველომ  იმდენი პროდუქტი აწარმოოს, რომ 500 მილიონიანი ევროკავშირის ბაზარი არ იყოს საკმარისი მისი გასაღებისთვის და სხვაგან დაგვჭირდეს მყიდველის ძებნა.

 

მადონა ნიკოლაიშვილი

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის

ბაკალავრიატის სტუდენტი


სიახლეები
გამოწერა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 

 საჯარო ლექცია თემაზე: მედიაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში და განვითარების პერსპექტივები


ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის...
გამოკითხვა

მოგწონთ ჩვენი საიტი?

  • დიახ
  • არა
Ajax Loader
კონტაქტი
მოგვწერეთ

მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, ოთახი 4.
ტელეფონი: + 995 77 28 24 36
ელ-ფოსტა:
apply.ncard@tsu.ge 

 
COPYRIGHT. 2012
Created By Idea design Group
ამ პროექტის განხორციელება ამერიკელი ხალხის გულისხმიერების შედეგად, USAID-ის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ქვეყნდება ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის პასუხისმგებლობით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოსაზრებებს.