მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაცია პირველი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამაზე!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR) 2024 წლის 30 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით აცხადებს მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაციას მედიატორთა აკრედიტებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს 60-საათიან სწავლებას და პროგრამული აკრედიტაციის თანახმად, აკმაყოფილებს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის (სასწავლო მოდულის) სავალდებულო მოთხოვნებს (იხ. დებულება).
სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო მეთოდოლოგიით NCADR-ის 10-წლიანი სერტიფიცირების გამოცდილების გათვალისწინებით და ეფუძნება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში თსუ დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR) და ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ) მიერ შემუშავებულ პროგრამულ მასალებს.
NCADR-ის 60-საათიან სასერტიფიკატო პროგრამას (იხ. დანართი №1 დღის წესრიგი) წარმართავენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ტრენერთა და მედიატორთა შემფასებელთა ერთიანი რეესტრის წევრები, დავის ეფექტიანი გადაწყვეტის ბრიტანული ცენტრის (CEDR) მიერ აკრედიტებული ტრენერები: ირაკლი ყანდაშვილი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, მედიატორი, ადვოკატი, მედიაციის მასტერ ტრენერი (იხ. პროფესიული რეზიუმე); ნათია ჩიტაშვილი - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სასამართლო და კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიაციის მასტერ ტრენერი (იხ. პროფესიული რეზიუმე); აკაკი გაწერელია - მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი (იხ. პროფესიული რეზიუმე), თორნიკე ბაქრაძე - მედიატორი, ადვოკატი, მედიაციის მასტერ ტრენერი (იხ. პროფესიული რეზიუმე), ტარიელ სიხარულიძე (იხ. პროფესიული რეზიუმე) - მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიაციის მასტერ ტრენერი, მედიატორი.
მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ნასამართლევი.
მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამის მე-6 და მე-7 დღე ეთმობა მონაწილეთა შეფასებას მედიატორის როლში როლური სიმულაციის ფარგლებში. სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების მიზნით მსმენელმა წარმატებით უნდა გადალახოს მედიატორის პროფესიული კომპეტენციების მინიმალური ზღვარი. შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები შეესაბამება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა პროფესიული კომპეტენციების ჩარჩოს და შეფასების სისტემას.
მედიატორის პროფესიაში შესვლისა და მედიატორთა ერთიან რეესტრში გაწევრიანების მიზნით, NCADR-ის სასერტიფიკატო ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მედიატორობის მსურველმა პირმა უნდა ჩააბაროს მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების (სიმულაციური) გამოცდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში და დააკვირდეს ერთ სასამართლო მედიაციის პროცესს, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს ასოციაცია.
ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად 2025 წლის 11-12, 17-18-19, 25-26 იანვარს (7 სრული დღე) zoom ონლაინ პლატფორმის გამოყენებით. ტრენინგში მონაწილეობის სრული საფასურია 700 ლარი. რეგისტრაციის დაწყებისთანავე შესაძლებელია საფასურის ნაწილის (სულ მცირე 150 ლარი) გადახდა პროგრამაზე რეგისტრაციის ადგილის დაკავების მიზნით და საფასურის ოდენობის სრულად შევსება რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე (30 დეკემბრამდე). საფასურის სრული თუ ნაწილობრივი ოდენობით გადახდისას, რეგისტრაციის მიზნით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა გაიგზავნოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge.
ტრენინგში მონაწილეობის საფასურის ნაწილის გადახდის შემთხვევაში, თუ კანდიდატი სრულად ვერ დაფარავს რეგისტრაციის საფასურს და ტრენინგში ვერ მიიღებს მონაწილეობას, გადახდილი ნაწილობრივი საფასური სახაზინო ანგარიშიდან უკან არ ბრუნდება.
საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად (გადახდის დანიშნულებაში მიეთითება - ,,მედიაციის ტრენინგი" და ტრენინგში მონაწილეობის მსურველი პირის სახელი/გვარი) ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პროფესიული ბიოგრაფია/cv.
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
პროფესიული რეზიუმეები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები ცენტრის მიერ შეინახება სასერტიფიკატო პროგრამის დაწყებამდე.
რეგისტრაცია შეწყდება 2024 წლის 30 დეკემბრამდე თუ ამ დრომდე ტრენინგზე დარეგისტრირდება 14 მონაწილე. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ განაცხადის გამოგზავნამდე წინასწარ დაგვიკავშირდით ნომერზე (WhatsApp): 557910019 (პროფ.დოქტორი ნათია ჩიტაშვილი).
საბანკო რეკვიზირები:
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ს/ 204864548) მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708967253 |