სტატიების ეროვნული სტუდენტური კონკურსი მედიაციაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით,
აცხადებს სტატიების ეროვნულ სტუდენტურ კონკურსს მედიაციაში
1.კონკურსის მიზანია, მედიაციის შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება, სამეცნიერო საქმიანობაში მათი ჩართვისა და კვლევითიუნარების განვითარების ხელშეწყობა, ასევე მედიაციის სფეროში მეცნიერული კვლევის შედეგების ფართო პოპულარიზაცია.
2. კონკურსს ორგანიზებას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი, რომელიც აყალიბებს კვალიფიციური ჟიურის შემადგენლობას საუკეთესო სტატიების გამოვლენისა და მათი გამოქვეყნების მიზნით.
3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ნებისმიერი სემესტრის სტუდენტებს.
4. სტუდენტებს შეუძლიათ მედიაციის სფეროში მათთვის სასურველი თემის თავისუფლად შერჩევა და რეგისტრირება კონკურსში მონაწილეობისათვის.
5. სტატიის მომზადება და წარმოდგენა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ან ერთობლივად, არაუმეტეს სამი სტუდენტის მიერ ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
6. სტუდენტურ კონკურსზე დარეგისტრირებისათვის განსაზღვრულია შემდეგი დოკუმენტები: ა) მონაწილეობის მსურველი სტუდენტ(ებ)ის განაცხადი/პირად მონაცემთა ფორმა (იხ. განაცხადის ფორმა, დანართი №1); ბ) სამეცნიერო ხელმძღვანელის მიზანშეწონილობის წერილი (თანხმობა), რომლის გაცემა შეეძლება შესაბამისი უსდ-ის როგორც აკადემიურ, ისე მოწვეულ პერსონალს, ან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირს.
7. სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის აკადემიურ და ტექნიკურ მოთხოვნებს (იხ. აკადემიური და ტექნიკური მოთხოვნები დანართი #2). ნაშრომი შეფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი #3)
8. ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). ტექსტი უნდა იყოს შესრულებული Microsoft Word-ის დოკუმენტში, Sylfaen-ის ფონტით. ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 12. სქოლიოების ტექსტის შრიფტის ზომა – 10. სტრიქონებს შორის დაშორება – ერთი ინტერვალი. სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს. სტატიის მოცულობა მისი ინდივიდუალურად წარმოდგენისას არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 10-15 გვერდს, ხოლო თანაავტორობის შემთხვევაში - 25 გვერდს. სტატია წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული სახით მისამართზე law.journal@tsu.ge
9. სტუდენტთა სტატიების კონკურსზე დარეგისტრირებისათვის განსაზღვრული დოკუმენტების (რეგისტრაციის განაცხადის) ელექტრონული ფორმით მიღება იწარმოებს 2017 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო სტატიების წარმოდგენის ვადა გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით.
10. კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ბაზაზე არსებული მედიაციის სფეროში სპეციალიზებული სამეცნიერო ბიბლიოთეკით (თსუ პირველი აკადემიური კორპუსის (ჭავჭავაძის გამზირი #1, 0179), 04 ოთახი)) და ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსებით (www.ncadr.tsu.ge).
11. კონკურსის შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.
12. კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.
13. კონკურსის საფუძველზე კვალიფიციური ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს (I, II და III ადგილი), რომელთა ნაშრომები დაიბეჭდება ორენოვან სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში ,,დავის ალტერნატიული გადაწყვეტა - წელიწდული 2017“.