ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მედიაცია

მედიაცია, როგორც  დამოუკიდებელი პროცესი დავის გადაწყვეტის სისტემაში 
2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განმტკიცდა სავალდებულო სასამართლო მედიაციის ინსტიტუტი, ხოლო  2019 წლის 18 სექტემბერს ,,მედიაციის შესახებ“ კანონის მიღებით და 2020 წლის პირველი იანვრიდან კანონის სრული  ამოქმედებით დამკვიდრდა საკანონმდებლო პლატფორმა, როგორც სასამართლო, ისე კერძო მედიაციის ინსტიტუციონალიზაციისათვის. ამავე კანონმა განსაზღვრა მედიაციის (სასამართლო და კერძო) ნორმატიული ცნება, რომლის თანახმადაც, მედიაცია არის პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, ეს პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით. ამდენად, მედიაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში განმტკიცებულ დავის გადაწყვეტის პროცესების ჯაჭვში მკვიდრდება როგორც დამოუკიდებელი, სრულფასოვანი პროცესი, რომლის შედეგი - მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით მიღწეული შეთანხმება სამედიაციო მორიგების სახით მხარეთა ნების შემთხვევაში აღსრულდება სასამართლოს მიერ და ამდენად, მისი იურიდიული ძალმოსილებით უთანაბრდება  მართლმსაჯულების შედეგს - სასამართლო გადაწყვეტილებას.
მედიაციის პროცესში გადაწყვეტილებას ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების საფუძველზე იღებენ დავის მონაწილე მხარეები, ხოლო მედიატორი - ნეიტრალური მესამე პირი, მოლაპარაკების ფასილიტატორი,  ხელს უწყობს მხარეთა კომუნიკაციას, პოზიციების დაახლოებას და ორმხრივი/მრავალმხრივი ინტერესების ამსახველი შეთანხმების მიღწევას მხარეთა სამართლებრივი კონსულტირებისა და საქმის სამართლებრივი ანალიზის უფლებამოსილების გარეშე. მედიაციის პროცესში მხარეთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების, აღსრულებაუნარიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელოვანი გარანტიაა მხარის უფლება იყოლიოს მედიაციის პროცესში ადვოკატი წარმომადგენელი. 
მედიაციის პროცესი ემყარება ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელიც მისი ეთიკური ურღვევობის გარანტიაა: კონფიდენციალურობა, ნეიტრალურობა, მიუკერძოებლობა, თანასწორუფლებიანობა, კეთილსინდისიერება, თვითგამორკვევა და ნებაყოფლობითობა. ,,მედიაციის შესახებ“ კანონით აღიარებულია მედიაციის ფუნდამენტური პრინციპების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები. 
მედიაციის პროცესი არაფორმალურია, მისი წარმართვის წესს მედიატორი განსაზღვრავს იმ შემთხვევაში თუ პროცედურული წესები მხარეებს არ შეუთანხმებიათ. მედიაციის პროცესის არაფორმალურობა მედიატორს ანიჭებს შესაძლებლობას მოქნილად წარმართოს მედიაციის პროცესი მხარეთა საჭირობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
მედიაციის პროცესი წარიმართება საერთო და ინდივიდუალური (მედიატორისა და ერთი მხარის) შეხვედრების საფუძველზე კონფიდენციალურობისა და სხვა ეთიკური პრინციპების მაღალი სტანდარტების დაცვით, რაც თვითგამორკვევის პრინციპის განხორციელების მიზნით მხარეთა ინტერესების სიღრმისეულ გამოკვლევას და აღნიშნული ინტერესების ამსახველი შეთანხმების მიღწევის მიზანს ემსახურება.
მედიაციის არსობრივი და პროცედურული უპირატესობები დაცულია როგორც სასამართლო, ისე კერძო მედიაციაში და უზრუნველყოფილია მოქმედი სამართლით აღიარებული საკანონმდებლო გარანტიებით.
მედიაცია არ ზღუდავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რამეთუ მხარეთა მიერ სრული ან ნაწილობრივი შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შეუზღუდავად უნარჩუნდებათ სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლება.