მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამა
2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განმტკიცდა სავალდებულო სასამართლო მედიაციის ინსტიტუტი, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქმიანობის ახალი სფეროს სახელმწიფოში - მედიატორის სტატუსით სამედიაციო პრაქტიკაში მონაწილეობის სახით. 2019 წლის 18 სექტემბერს ,,მედიაციის შესახებ“ კანონის მიღებით და 2020 წლის პირველი იანვრიდან კანონის სრული ამოქმედებით დამკვიდრდა საკანონმდებლო პლატფორმა კერძო მედიაციის განვითარებისთვის, რომელიც მისი სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაციით, სამართლებრივი ძალმოსილებით, საკანონმდებლო გარანტიებითა და აღსრულების რეჟიმით ცალკეული არსობრივი თავისებურებების გარდა გაუთანაბრდა სასამართლო მედიაციას. კანონმა დაამკვიდრა როგორც მედიაციის ნორმატიული განმარტება, ასევე ახალი პროფესიის წარმომადგენლის - მედიატორის ცნება: მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანახმაა, წარმართოს მედიაცია, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა.
2019 წლის 14 დეკემბერს კანონის საფუძველზე შეიქმნა მედიატორთა თვითრეგულირების ორგანო, მედიატორთა პროფესიული გაერთიანება - სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, რომელმაც 2020 წლის 27 ივნისს დაამტკიცა მედიატორთა პროფესიული სტანდარტი და განსაზღვრა მედიაციის პროფესიაში შესვლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.