მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტის ფარგლებში გრძელდება პროფესორთა მომზადება მედიაციის სწავლების მეთოდოლოგიის განვითარებისთვის
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს (Academic Enhancement of Mediation), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს თბილისისას და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს იგეგმება მათი მომზადება მედიაციის სწავლების მეთოდოლოგიაში უნივერსიტეტებში მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.
სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი წარიმართება საერთაშორისო ექსპერტების, დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების, მოსამართლე მედიატორების კერსტინ შულცისა და სტეფან ოტო შმიტის მიერ.
2018 წლის 23 მარტამდე მედიაციის თემატიკაზე ჩატარდება 20 საჯარო და 40 საჩვენებელი ლექცია საქართველოს 10 უნივერსიტეტში და გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან მედიაციის აკადემიური გაძლიერების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით.
სასწავლო კურსების დანერგვის შემდგომ გაგრძელდება მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა მედიაციის სტატიებისა და ბლოგ პოსტების, მედიაციაში წარმომადგენლობის იმიტირებული შეჯიბრისა და სტუდენტური კონკურსების ორგანიზების, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერი-კვლევითი საქმიანობისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.