მედიაციის სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი პროფესორებისათვის
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს (Academic Enhancement of Mediation), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს ისინი მომზადდნენ მედიაციის სწავლების მეთოდოლოგიაში უნივერსიტეტებში მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.
სწავლების მეთოდოლოგიის ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო ექსპერტების, დრეზდენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების, მოსამართლე მედიატორების კერსტინ შულცისა და სტეფან ოტო შმიტის მიერ.
პროექტის ფარგლებში ა/წ 23 მარტამდე მედიაციის თემატიკაზე ჩატარდება 20 საჯარო და 40 საჩვენებელი ლექცია საქართველოს 10 უნივერსიტეტში და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრთან გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მედიაციის აკადემიური გაძლიერების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით.
სასწავლო კურსების დანერგვის შემდგომ უნივერსიტეტებს შორის გაგრძელდება მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა მედიაციის სტატიებისა და ბლოგ პოსტების სტუდენტური კონკურსებისა და კონფერენციების, მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული იმიტირებული შეჯიბრის ორგანიზების, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერი-კვლევითი საქმიანობისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.