საჯარო ლექცია მედიაციაში ქუთაისისი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2018-03-11
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (TSU NCADR) ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს (Academic Enhancement of Mediation), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს მათ წარმატებით გაიარეს სწავლების მეთოდოლოგიის პროგრამა უნივერსიტეტებში მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.
ა/წ 10 მარტს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდნენ ამავე უნივერსიტეტის ლექტორები ქეთევან კუხიანიძე, თამარ ებრალიძე და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი, თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარე, ადვოკატი - ლევან ჯანაშია.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები. ამავე დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჩვენებელი ლექცია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით.
მედიაციის აკადემიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით უნივესიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განვითარდება მედიაციის კურსების კურიკულუმები თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენებით და გაგრძელდება მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა მედიაციის სტატიების, სტუდენტური კონკურსებისა და კონფერენციების, მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული იმიტირებული შეჯიბრის ორგანიზების, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით.