ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის და საჯარო ლექცია მედიაციაში
ა/წ 23 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია მედიაციაში, რომელსაც უძღვებოდნენ ამავე უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლები ლინდა შალამბერიძე-ვერძაძე და ცირა კომახიძე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, სამართლის დოქტორის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის - ნათია ჩიტაშვილის მხარდაჭერით.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიური საბჭოს წევრები, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები. ამავე დღეს გაიმართა საჩვენებელი ლექცია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ასევე, მედიაციის აკადემიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით უნივესიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა - მერაბ ხალვაშმა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - ირაკლი ბურდულმა.
მედიაციის სასწავლო კურსის დანერგვის შემდგომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაგრძელდება მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა მედიაციის სტატიების, სტუდენტური კონკურსებისა და კონფერენციების, მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული იმიტირებული შეჯიბრის ორგანიზების, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით.