საჯარო ლექცია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტში
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (TSU NCADR) ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს (Academic Enhancement of Mediation), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს მათ წარმატებით გაიარეს სწავლების მეთოდოლოგიის პროგრამა უნივერსიტეტებში მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.
ა/წ 22 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია მედიაციაში, რომელსაც უძღვებოდა ამავე უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი რონა პერტია, ასევე, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, სამართლის დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნათია ჩიტაშვილი.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები. ამავე დღეს სტუდენტებისთვის გაიმართა საჩვენებელი ლექცია მედიაციაში სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ასევე, მედიაციის აკადემიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით უნივესიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა - თეონა ხუფენიამ და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - ირაკლი ბურდულმა.
მედიაციის სასწავლო კურსის დანერგვის შემდგომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაგრძელდება მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა მედიაციის სტატიების, სტუდენტური კონკურსებისა და კონფერენციების, მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული იმიტირებული შეჯიბრის ორგანიზების, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით.