ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საჯარო ლექცია მედიაციაში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU)

2018-04-04
 

ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (TSU NCADR) ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს (Academic Enhancement of Mediation), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს  თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს მათ წარმატებით გაიარეს სწავლების მეთოდოლოგიის პროგრამა უნივერსიტეტებში მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.

 

ა/წ 22 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU), ჩატარდა საჯარო ლექცია მედიაციაში, რომელსაც უძღვებოდნენ ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორები ნინო ქათამაძე და სოფიო უგრეხელიძე, ასევე, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი, სამართლის დოქტორი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფო ჩაჩავა.

 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პრაქტიკოსი იურისტები. ამავე დღეს გაიმართა საჩვენებელი ლექცია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით.

 

უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მედიაციის სასწავლო კურსის კურიკულუმის განვითარებასთან ერთად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაგრძელდება მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა მედიაციის სტატიების, სტუდენტური კონკურსებისა და კონფერენციების, მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული იმიტირებული შეჯიბრის ორგანიზების, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიზნით.