ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ცხადდება სტუდენტური გუნდების რეგისტრაცია მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის მიზნით

2020-11-26
 

2019 წლის 27 სექტემბერს ,,მედიაციის შესახებ“ კანონის მიღებით ქართულ სამართლებრივ სივრცესა და დავის გადაწყვეტის სისტემაში უზრუნველყოფილ იქნა  მედიაციის სახელმწიფოებრივი ინსტიტუციონალიზაცია, საკანონმდებლო მხარდაჭერა ჰპოვა როგორც სავალდებულო სასამართლო, ასევე კერძო მედიაციამ, მოწესრიგდა მედიატორის საკანონმდებლო სტატუსი და ამავე წელს (14 დეკემბერს) დაფუძნდა მედიატორთა ერთიანი თვითრეგულირების ორგანო, პროფესიული გაერთიანება - სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“. ამდენად, მედიატორის საქმიანობა, როგორც დამოუკიდებელი პროფესია, აღიჭურვა საკანონმდებლო მხარდაჭერით და მაღალი სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაციით. ამასთან, 2020 წლის დეკემბერში სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია დაამტკიცებს მედიატორთა ეთიკის კოდექსს. პროფესიული ქცევის სტანდარტების მიღება კიდევ ერთი აღიარება იქნება მედიაციის ახალ პროფესიად ფორმირებისა.

 

მედიაციის პროფესიად ფორმირების კვალდაკვალ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულმა ცენტრმა გააფართოვა 2012 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ,,მართლსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტისა“ და  ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (აშშ) მხარდაჭერით შექმნილი აკადემიური ტრადიცია მედიაციაში წარმომადგენლობის ყოველწლიური ეროვნული კონკურსის ორგანიზებისა. კონკურსის მიზანს დაემატა არა მხოლოდ მედიაციაში წარმომადგენლობის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება უსდ-ის სტუდენტებისათვის, არამედ მედიატორის, როგორც ახალი პროფესიის წარმომადგენელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

 

მედიატორის პროფესიის მაღალი სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაციის საპასუხოდ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი აგრძელებს მრავალწლიან აკადემიურ ტრადიაციას მისი გრძელვადიანი ინსტიტუციური პარტნიორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“ მხარდაჭერით  2021 წლის 7 თებერვლამდე აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტთა  სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას მედიაციის  ეროვნულ იმიტირებულ (ონლაინ) შეჯიბრში მონაწილეობისთვის. მედიაციის ეროვნული კონკურსის მხარდაჭერას განახორციელებს ასევე სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ და სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“.

 

 

ეროვნული შეჯიბრი გაიმართება 2021 წლის 3, 4 და 5 აპრილს (10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე) ონლაინ (ზუმის პლატფორმის გამოყენებით).   კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 26, 27, 28 და 29 მარტს (10:00-დან 19:00 საათამდე) ჩატარდება 4-დღიანი მოსამზადებელი ტრენინგი სტუდენტური გუნდებისათვის, რომლის ფარგლებშიც შეჯიბრის მონაწილეები დაეუფლებიან მედიატორისა და ადვოკატი-წარმომადგენლის პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

 

 ტრენინგსა და ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის/დასწრების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც სტუდენტებზე, ისე მათ მწვრთნელებზე. 

 

მედიაციის  ეროვნულ კონკურსში შემფასებლების (მსაჯების) სახით ჩართულნი იქნებიან სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი მედიატორები, მედიაციაში წარმომადგენლობის გამოცდილების მქონე იურისტები, მედიაციის სფეროსთან აკადემიური ან/და პრაქტიკული საქმიანობით დაკავშირებული იურიდიული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

 

საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისათვის დაარეგისტრიროს არაუმეტეს ერთი გუნდისა  ბაკალავრიატის ან/და მაგისტრატურის სტუდენტების (არანაკლებ 4 და არაუმეტეს 7 სტუდენტის)   და გუნდის მაქსიმუმ 2 მწვრთნელის  შემადგენლობით. გუნდის მწვრთნელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც უსდ მიანიჭებს გუნდის მწვრთნელის უფლებამოსილებას და დაარეგისტრირებს შესაბამისი სარეგისტრაციო განაცხადით. კონკურსზე რეგისტრაციის უფლება აქვს სტუდენტს, რომელსაც 2020 წლამდე არ მიუღია მონაწილეობა მედიაციის ეროვნულ თუ საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრში.

 

გუნდის რეგისტრაცია ხორციელდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  ელექტრონულ მისამართზე (apply.ncadr@tsu.ge)  სათანადო წესის დაცვით შევსებული განაცხადის გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ წარდგენით. სარეგისტრაციო წერილის ადრესატებში აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული გუნდის სამართლის სკოლის ხელმძღვანელის ელექტრონული მისამართიც. რეგისტრირებული გუნდების შესახებ ინფორმაცია  ქვეყნდება ვებ-გვერდზე: ncadr.tsu.ge (სიახლეებში).

 

გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და დასკანერებული სახით გამოგზავნოთ ზემოთ მითითებულ საფოსტო მისამართზე.

 

ხარვეზის მქონე განაცხადი არ მიიღება!

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 7 თებერვალი. ამასთან, რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ამ თარიღის დადგომამდე, ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის წარმატებით გაივლის რეგისტრაციას 8 გუნდი. რეგისტრაციის დასრულებისა და ყოველი დარეგისტრირებული გუნდის  შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ცხადდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: www.ncadr.tsu.ge. სარეგისტრაციო პორტალის დახურვის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრაციის მიზნებისთვის არ განიხილება. რეგისტრირებულ ჯგუფში შესაძლებელია არაუმეტეს 3 სტუდენტის ჩანაცვლება  კონკურსის ორგანიზებამდე  არაგვიანეს 10 დღისა.

 

 განაცხადის წარმოდგენის შემდეგ რეგისტრირებული გუნდი  კარგავს გუნდის რეგისტრაციის გაუქმებისა და კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის უფლებას, რადგან ეროვნული კონკურსის ორგანიზებისათვის აუცილებელი წინაპირობაა  8 სტუდენტური გუნდის შემადგენლობის არსებობა.

 

ტრენინგისა და ეროვნული კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატები, გამარჯვებულებისთვის შეთავაზებული იქნება სხვადასხვა ნომინაციები, წიგნადი პრიზები და სტაჟირება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრში, მედიატორთა და ადვოკატთა პროფესიულ ასოციაციებში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 557910019.