მედიაცია, როგორც კულტურული ფენომენი
მედიაცია, როგორც კულტურული ფენომენი
2018-02-21
მედიაცია - ეს არის მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიცია თუ ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელსაც გრძელი გზა აქვს გასავლელი ქართულ რეალობაში სრულფასოვნად დასამკვიდრებლად? ეს ის შეკითხვაა, რომელზე პასუხის გაცემასაც შევეცდებით წინამდებარე ნაშრომში. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის ეპოქაში. შესაბამისად, იურისპრუდენციის სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შიდა კანონმდებლობის, არამედ უცხოური სამართლებრივი სისტემების შესწავლაც. მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის იაფი, სწრაფი და ეფექტური საშუალება, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან ბევრ ქვეყანაში კონფლიქტის გადაწყვეტის ერთ-ერთ გამორჩეულ შესაძლებლობად მიიჩნევა. აშშ-ის „ერთგვაროვანი აქტი მედიაციის შესახებ“ განმარტავს, რომ „მედიაცია ნიშნავს პროცესს, რომლის განმავლობაშიც მედიატორი აადვილებს კომუნიკაციასა და მოლაპარაკებებს მხარეებს შორის, რათა ხელი შეუწყოს, მათი დავიდან გამომდიანარე, ნებაყოფლობითი შეთანხმების მიღწევას.“ |
აღსანიშნავია, რომ მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის საშუალება, განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, 1945 წლიდან. თანამედროვე მედიაცია თავდაპირველად გამოიყენებოდა სახელმწიფოებს შორის არსებული კონფლიქტების გადასაწყვეტად. ამ ინსტიტუტის ეფექტურობას ხაზს უსვამს ნობელის ფონდის მიერ 2008 წელს მინიჭებული ჯილდო მშვიდობის დარგში, სამი ათეული წლის განმავლობაში რამდენიმე კონტინენტზე საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაში მნიშვნელოვანი წვლილისათვის. დღესდღეობით კი მედიაციამ, ფაქტობრივად, სამართლებრივ დავათა ყველა ნაირსახეობა მოიცვა და, შესაბამისად, სულ უფრო და უფრო იზრდება მისი გამოყენება.
უკანასკნელ პერიოდში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში შესული ცვლილებები მიუთითებს სახელმწიფოს მზაობაზე, ხელი შეუწყოს მედიაციის განვითარებას.
დოქტრინაში ხშირად ვხვდებით მოსაზრებას იმაზე, რომ ქართულ სამართლებრივ სისტემაში მედიაციის დასამკვიდრებლად საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც მიიღწევა ამ ინსტიტუტის დადებითი და უარყოფითი მახასიათებლების განხილვისა და ანალიზის შედეგად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედიაცია თავისი ბუნებით სულაც არ არის უცხო ქართული საზოგადოებისათვის. მეტიც, „სამედიატორო სამართლის“ თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომლის ცხოვრებაშიც ძველი დროიდან მოყოლებული მნიშვნელოვან როლს თამაშობს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება - მედიაცია.
ძველად მედიაცია და მართლმსაჯულება მკაცრად არ იყო გამიჯნული ერთმანეთისაგან. მართლმსაჯულების განხორციელება თავის თავში მოიაზრებდა მორიგებასაც, ხოლო მორიგება მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი საშუალება იყო. მ. კეკელიას ნაშრომის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელსაც დავის გადაწყვეტის უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული, ეწოდებოდა „მსაჯული“ ან „ბჭე“, ხოლო იმ პირის აღსანიშნავად, რომელიც დავებს აგვარებდა, გამოიყენებოდა შემდეგი ტერმინები: „საპატიო კაცი“, „შუაკაცი“, „შუათადასხმული“ და სხვ.
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნში გვხვდება „შუაკაცთა“ სამართლის ინსტიტუტი. აღნიშნულის მიხედვით, მედიატორებად ძველი წესების მცოდნე მხცოვან ადამიანებს ირჩევდნენ. მაგ., 83-ე მუხლის მიხედვით: „პატრონს ყმათა შუა თუ რა საბატონყმო სამდურავი და საცილობელი შენივუდეს, მართლითა და უთნევარითა შუათა ბჭობით მოეწყვნენ, მოეზავნენ.“ მაშასადამე, თუ სხვადასხვა სოციალური ფენის პირთა შორის წარმოიშვებოდა დავა, მათი შერიგება შესაძლებელია შუაკაცთა დახმარებით მომხდარიყო.
დავის გადაწყვეტისათვის მედიაციის გამოყენება ასევე გათვალისწინებულია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნითაც - 188-ე მუხლის მიხედვით, პირუტყვის მიერ მიყენებულ ზიანზე შუაკაცებმა უნდა იმსჯელონ და ანაზღაურებაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს.
ზემოაღნიშნულის გარდა, არაერთ ძველქართულ სამართლებივ ძეგლში ვხვდებით სამედიატორო სამართლის მომწესრიგებელ ნორმებს. ასევე, მნიშვნელოვანია ის არასამართლებრივი ხასიათის დოკუმენტებიც, რომლებიც დიდ როლს ასრულებს მედიაციის ინსტიტუტის შესასწავლად. მაგ., იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი თავის დღიურებში ადასტურებს სამეგრელოში „სამედიატორო სამართლის“ არსებობას.
საყურადღებოა მაშინდელი პროცესის ის მახასიათებლებიც, რომლებიც შენარჩუნებულია თანამედროვე მედიაციის შემთხვევაშიც: კონფიდენციალურობა, ადგილის განსაზღვრის თავისუფლება, მედიატორის არჩევის უფლებამოსილება და სხვა.
ნებისმიერი სამართლებრივი ინსტიტუტის შესწავლის პროცესში მნიშვნელოვანია პრეცედენტული სამართლის ანალიზი. ბუნებრივია, იმ პირობებში, როცა დაწერილი სამართალი არ არსებობდა, შეუძლებელი იყო დავის გადაწყვეტისათვის შესაბამისი ნორმის მოძიება. აქედან გამომდინარე, ერთი მედიატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინება ახალ პრეცედენტულ ნორმას ქმნიდა, რამაც საფუძველი დაუდო ჩვეულებითი სამედიატორო სამართლის განვითარებას.
ძველ ქართულ სამართალში, მედიაცია რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა: პირველი ეტაპი მედიაციაზე მხარეთა „დაყოლიება“ იყო. ამ ეტაპზე ხდებოდა საქმის არსებითი განხილვა, რაც მედიატორთა მიერ მხარეების დაკითხვას, მოწმეთა ჩვენებების მოსმენასა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გაცნობას გულისხმობდა; მეორე ეტაპს მედიატორთა მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენდა. მესამე ეპატზე კი ცხადდებოდა გადაწყვეტილება, რომლის წარმართვა საქმის გარემოებიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად ხდებოდა - შესაძლებელი იყო მხარეთათვის გადაწყვეტილების გამოცხადება როგორც ერთდროულად, ასევე - ცალ ცალკე; ამასთან, შესაძლებელი იყო გამოცხადების ადგილის განსაზღვრა და სხვა; ბოლო ეტაპს კი მედიატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენდა, რაც საბოლოოდ წერილობითი დოკუმენტის შედგენით დასტურდებოდა.
მნიშვნელოვანია განვიხილოთ, რა კატეგორიის საქმეების განხილვის უფლებამოსილება ჰქონდა მედიატორს. აღსანიშნავია, რომ „სამედიატორო სამართალი“ ძირითადად განიხილავდა მკვლელობის, დაჭრის, ქურდობის, შეურაცხყოფის, ქონების დაზიანების, ვალის დაბრუნების, განქორწინების, მის შედეგად ქონების გაყოფასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებს. ყურადსაღებია, რომ ხევსურეთის „სამედიატორო სამართალში“ ვხვდებით ისეთი საკითხების განხილვასაც, რომლებიც უცხოა საქართველოს სხვა კუთხეებისათვის, მაგ., დამნაშავის ვინაობის დადგენა იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებულის მიერ დასახელებული ეჭვმიტანილი უარყოფდა სამართალდარღვევის ჩადენას; მიყენებულ ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა; ქონების მესაკუთრის დადგენა და სხვა.
„სამედიატორო სამართალზე“ მსჯელობისას მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ მედიატორთა თვისებებსა და არჩევის წესზე. სამოქალაქო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით მედიატორებად ხშირად ირჩევდნენ მეზობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მედიატორის არჩევა სისხლის სამართლის კატეგორიის საქმეებზე იყო. მედიატორობა ნებისმიერ სრულწლოვან მამაკაცს შეეძლო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ შესაბამისი თვისებებით დაჯილდოვებულ ადამიანებს ირჩევდნენ. ის ჭკვიანი, განათლებული, დაკვირვებული, მორწმუნე, ავტორიტეტული და სანდრო პიროვნება უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ქართულ პრეცედენტულ სამართალში ვხვდებით ქალის მიერ მედიაციის წარმართვის მაგალითსაც - ყუთლუ-არსლანის დასსა და თამარ მეფეს შორის არსებული კონფლიქტის გადასაწყვეტად კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი იყვნენ წარგზავნილნი.
როგორც ვხედავთ, მედიაციას საქართველოში ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. წინამდებარე ნაშრომში ამ ინსტიტუტთან დაკავშირებული მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ, გარდა ზემოაღნიშნულისა, არაერთი ისტორიული თუ სამართლებრივი ძეგლი, ტრადიცია, ჩვეულება და შემონახული მაგალითი არსებობს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მედიაციის კულტურის არსებობას ადასტურებენ.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის ყოველდღიურად წარმოიშობა. ეს შესაძლებელია მრავალი ფაქტორით იყოს განპირობებული - მათ შორის, ინტერესთა კონფლიქტით, საკითხის მცდარი გაგებით ან თუნდაც, უბრალოდ ახირებით. კონფლიქტის შემდეგ ვიწყებთ ფიქრს, თუ როგორ დავასრულოთ აღნიშნული დავა. კონფიდენციალურობა, ნაკლები ხარჯი, დროის ეკონომია, არაფორმალური გარემო, პროცესის მიმდინარეობის კონტროლი, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა - ეს ის ძირითადი დადებითი მხარეებია, რომელთა გამოც მხარეები დავის გადასაწყვეტად ხშირად მიმართავენ მედიაციას. თუმცა, ვფიქრობ, მისი ქართულ რეალობაში დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ის კულტურული წარსული, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ამ ინსტიტუტთან მიმართებაში. ქართული საზოგადოება წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მედიაცია მართლაც „უალტერნატივო ალტერნატივაა“ და რომ სინამდვილეში ის არა ახალი ინსტიტუტი, არამედ „კარგად დავიწყებული ძველია.“
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის
ბაკალავრიატის სტუდენტი