ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

,, მედიატორი სამართლის ქნარისთვის’’  — ალტერნატივა თუ კანონმდებლის ბოდიში ?

2018-02-21

 

ნინო გობეჯიშვილის ფოტო     ,, დრო ფულიაო ’’ - ამბობდა ბენჟამინ ფრანკლინი, თუმცა ეს ალბათ მაშინ, როდესაც იგი საერთოდ არ გაგვაჩნია.  ,,შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიოს’’ ერთ-ერთ ,,მანკიერებად’’ რეალობა უზომოდ სწრაფ ტემპს წარმოგვიდგენს, რომლისთვისაც ათასობით ლარი თუ დოლარი, ევრო თუ ლირა იხარჯება. დევიზი ერთია - რაც უფრო სწრაფად, მით უფრო ძვირად. თუმცა მიუხედავად კაპიტალისტური იდეოლოგიის ფეტიშიზმისა, საზოგადოებრივი ურთიერთობების მარეგულირებელმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სფერომ, ახალი რეგულაცია შემოგვთავაზა - მედიაცია, ანუ გადავწყვიტოთ დავა ,,ნერვების ომისა’’ და მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგების გარეშე.

   მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული მოგვარების, ისტორია ათასწლეულებს ითვლის - ნუ გვეგონება ის ცივი ომისდროინდელი მონაპოვარი და მის არსებობას ნურც დღევანდელ, მოდერნისტულ სამყაროს მივაწერთ. ისტორიკოსებმა მის საწყისებს ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში მიაკვლიეს, დაახლოებით ძვ.წ. 10 000 წელს. აღნიშნული ინსტიტუტი კარგად ნაცნობი გახლდათ როგორც ძველი საბერძნეთის, ასევე ანტიკური რომის კულტურისთვისაც -  ,,იუსტინიანეს დიგესტების’’ მიხედვით, რომაელები მედიატორს მოიხსენიებდნენ, როგორც internuncius, medium, intercessor, philantropus, interpolator, conciliator, interlocutor, interpres და ბოლოს - მედიატორი.  ,,სამედიატორო სასამართლოს’’ მნიშვნელობა კარგად გააზრებული და შესისხლხორცებული ჰქონიათ ქართველებსაც - ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი (,,წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე’’) ასახელებს შუაკაცთა სასამართლოს, რომელიც დავას ადათობრივი სამართლის მიხედვით წყვეტს. ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის მიხედვით, მედიატორებს შედარებით მსუბუქი ხასიათის საქმეთა გადაწყვეტა გადაენდობოდათ. მედიატორის, მომრიგებელი მოსამართლის, ,,ბჭეს’’ როლი ჰქონიათ შეთავსებული მთიანი საქართველოს ხევისბერებს თუ პატივსადებ, სიბრძნით განთქმულ, მხცოვან კაცებს,  რომლებიც საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ადათებისა და წეს-ჩვეულებების მიხედვით არეგულირებდნენ. უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, თუმცა არ იქნება ურიგო, თუ კრიტიკულად შევხედავთ მედიაციის მოდერნისტულ სახიათს - და ისმის კითხვა - რა სიახლეს გვთავაზობს მედიაცია დღეს და წარმოადგენს თუ არა ის შეჯიბრებითობის პრინციპის ბნელი მხარისთვის ელექტრონს, რომლითაც კანონმდებელი გვებოდიშება?


   მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა (ADS), რომელშიც მოდავე მხარეებთან ერთად ჩართულია მესამე, ნეიტრალური პირი - მედიატორი. რითი განსხვავდება აღნიშნული პიროვნება მოსამართლისგან და რა უპირატესობა გააჩნია მედიაციას დავის უშუალოდ სასამართლო განხილვასთან შედარებით? ჰ. კელზენი ამბობდა, რომ სამართალი უნდა გაწმენდილიყო არაიურიდიული მინარევებისგან და სწორედ ამ იდეას პასუხობდა მისივე ნაშრომი ,,სამართლის წმინდა თეორია’’. თუ ჩვენ აღნიშნულს გავიაზრებთ ლაკონიაში მცხოვრები ადამიანის გონებით, მაშინ მარტივად დავასკვნით, რომ ,,სამართალს ცრემლების არ სჯერა’’ და იგი ეთიკის მინიმუმს თუ იზიარებს, თუმცა საინტერესოა თავად მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამართალიც საზოგადოებრივი ურთიერთობის შედეგია, მას ხალხი ქმნის, ხოლო ხალხთაშორისი ურთიერთობა კი, უმეტესწილად,  ემოციაზეა დამყარებული. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 85-ე მუხლი კი საკმაოდ საინტერესო დანაწესს გვთავაზობს - სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. აღნიშნულს ეხმიანება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეოთხე მუხლიც - სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალი აბსტაჰირებულია ემოციასა და გრძნობებეზე დაფუძნებული ფაქტებისაგან - ,,We are under the constitutution, but the constitution is what the judges say it is’’ (Charles Evans Hughes), ხოლო იმისთვის, რომ მოსამართლეს შინაგანი რწმენა შევუქმნათ, საჭიროა ჩვენი სიმართლე (?) მყარი არგუმენტებით დავასაბუთოთ - ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ,,winner will take all’’. ინკვიზიციურობის პრინციპის შეზღუდვამ (თუმცა საოჯახო-სამართლებრივ საქმეებში სასამართლო აღნიშნულ უფლებამოსილებას ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებს) შეჯიბრებითობის არსს ფართო გასაქანი მისცა -აღნიშნული შესაძლოა თანამედროვეობის ლიბერალურ ტენდენციებს დავუკავშიროთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ ხშირად ღირებულებებს მოწყვეტილი სამართალი სამართლიანობის კრიტერიუმით ვერ ფასდება და გამარჯვების გვირგვინს მხოლოდ კარგად დასაბუთებულ პოზიციას ადგამს თავზე. სავსებით სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ აღნიშნულ სიტუაციაში ,,San Salvador-ად’’ მედიაცია გვევლინება, რომლის უპირატესობასაც თავად სასამართლოც კი აღიარებს - სასამართლო მედიაციის გზით ხომ თავად მოსამართლე ავალებს მხარეებს დავა მედიატორის მეშვეობით მოაგვარონ ?! 2011 წლის 20 დეკემბრის კანონით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს ახალი, 21-ე პრიმა თავი დაემატა, რომლის მიხედვითაც სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საკითხები ეხება საოჯახო, სამემკვიდრეო, სამეზობლო და სხვა დავებს, თუ აღნიშნულზე მხარეები თანხმობას განაცხადებენ. როგორც ვხედავთ, საქმეთა ჩამონათვალი, რომელიც სასამართლო მედიაციას ექვემდებარება, განსაკუთრებული ემოციური ფაქტორითა და ურთიერთობის მოწყვლადი ხასიათით გამოირჩევა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად სამართლის ხისტი,  პოზიტიური ხასიათისა, იგი ემორჩილება ბუნებით დადგენილ ადამიანურ საწყისს  - მედიატორი წარმოადგენს სწორედ იმ პიროვნებას, რომლის წინაშეც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი ინფორმაცია სრულად გაამჟღავნონ, პოზიცია დააფიქსირონ შეზღუდვისა და ფორმალობების გარეშე, ერთმანეთთან ითანამშრომლონ და მიზნად დაისახონ ადრინდელი, სატისფაქცია-რესტიტუციის გამომწვევი მიზეზის არსებობამდელი თბილი ურთიერთობის აღდგენა.


    ვინ შეიძლება განვიხილოთ მედიატორად და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული პიროვნება? მედიაციის პროცესი გამოირჩევა კონფიდენციალურობისა და ნდობის მაღალი ხარისხით  - მედიატორს არ აქვს უფლება დავის შეუთანხმებლად დამთავრების შემთხვევაში იყოს ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი ან გათქვას მათ მიერ მისთვის გამჟღავნებული ინფორმაცია. მედიატორი ლოიალური, ფორმალობას და მკაცრად დოგმატიზებულ სტილს მოკლებული ფიზიკური პირია (ძნელი იქნება იურიდიული პირი მედიატორის როლში წარმოვიდგინოთ, თუმცა სამედიაციო ბიურო, როგორც დამსაქმებელი, აღნიშნულს შესაძლოა თავისუფლად შევუფარდოთ), რომლის მთავარი ამოცანაცაა მხარეებს დაეხმაროს დავის გადაწყვეტაში - მას შეუძლია დანიშნოს ცალკე შეხვედრები თითოეულ მათგანთან, გაესაუბროს მათ - იგი   შუამავალია, დამაკავშირებელი რგოლი შერიგებისთვის. მედიატორი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, თუმცა რადგანაც იგი საზოგადოებრივ ურთიერთობებს აგვარებს სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით, ერთ-ერთი კრიტერიუმი მისი განსწავლულობა იქნება სამართლის სფეროში. მედიატორის უშუალო დამოკიდებულებამ თავისთავად ხელი უნდა შეუწყოს შეხვედრის მაქსიმალურ ღიაობას მხარეთა მხრიდან, რათა გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ იქნეს მიღებული. მედიაცია ომს არ უცხადებს ნერვებს, პირიქით,  იგი ტრანკვილიზატორადაც კი შესაძლოა მოგვევლინოს როგორც ფსიქოლოგიური,  ასევე ფინანსური კუთხითაც. მედიაციის პროცესში მხარე არ იბოჭება, იგი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს გულღიად, თამამად. მედიაციის საფუძველი უშუალო მოლაპარაკება-შეთანხმებაა (negotiation), რაც საკითხს მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ წყვეტს.


   და მაინც, რა არის კანონმდებლის მიზანი მედიაციის გზით პრობლემის გადაჭრის შემოთავაზების შემთხვევაში? იქნებ იგი სწორედ შეჯიბრებითობას და ფორმალურ თანასწორობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ - არ არსებობს აბსოლუტური, მატერიალური ერთიდაიგივეობა თუნდაც კანონის წინაშე, რადგან ადამიანური გონი ზეკანონური იდეის ანარეკლია. ყოველგვარი საგნის, მათ შორის, ამქვეყნიური  სამართლის, იდეური საწყისი ზენარული ბუნებისაა, რომელიც ,,ხესა ხმელსა შეიქმს ნედლად’’.  შეჯიბრებითობა სხვა არაფერია, თუ არა კარგად გათამაშებული სცენა ოსკაროსანი მსახიობებითა და გამოცდილი ჟიურით, მედიაცია კი - ბოდიში კანონმდებლისგან უემოციო სამართლებრივი სისტემისა და უზადოდ დადგმული სპექტაკლისთვის.


    მედიაციამ შესაძლოა საკმაოდ მალე ჩაანაცვლოს სასამართლოთა მიერ საქმის განხილვის კომპეტენცია.  ფ. დ. რუზველტს ,,დემოკრატია შიმშლისთვის არ გადაუყოლებია’’, ხოლო ჩვენ სამართალწარმოება არ უნდა გადავაყოლოთ ფინანსებს.  მედიაცია უნიკალური საშუალებაა ყველაზე სწრაფად, ყველაზე კარგად და ნაკლები დანახარჯით, ნერვების დაზოგვითა და სტაბილური ემოციური ფონის შენარჩუნებით მოვაგვაროთ საქმე (settle the matter), იგი ,,მედიატორია სამართლის ქნარისთვის’’, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველაფერი მარტივი გენიალურია, ხოლო გენიალური და თანაც სწრაფი და იაფი მალევე ანაცვლებს კონსერვატორიზმს და საფუძველს უყრის სრულებით ახალს -  ნოვაციას, რომელიც ახალი ხილის მსურველთ მალევე აინტერესებს და ავიწყებს ძველმოდურსა და დრომოჭმულს.


   P.S  ,,Carpe diem, quam minimum credula postero’’ - ჰორაციუსი - წამის დაჭერითა და საჭირო დროს საჭირო არგუმენტის მოძებნით ვასაბუთებთ ჩვენს ,,სიმართლეს’’   სასამართლოს მიერ თანაბარი პირობების შექმნით მოსამართლის წინაშე. არსებობს საფრთხე, რომ ნოვატორული იდეა მედიაციის გზით სამართლის ქნარზე სრულებით ახალ სიმფონიას დაუკრავს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება - სამართალი, სამყაროს მსგავსად გარდაქმნის შეუქცევად კანონზომიერებას ექვემდებარება.

 


თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის

ბაკალავრიატის სტუდენტი

ნინო გობეჯიშვილი