მედიაციის ეთიკური გამოწვევები და მოდელები: „მე მესმის თქვენი“
მედიაცია, როგორც პროფესია, თავისი არსის, ეფექტურობისა და სიმარტივის გათვალისწინებით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ვისაუბროთ ეთიკურ პრობლემებსა და მოდელებზე. წინამდებარე ბლოგში განხილული იქნება მედიატორის საქმიანობის მთავარი ეთიკური გამოწვევები, ეთიკის დამკვიდრებული მოდელების ანალიზის შედეგად კი მივიღებთ პასუხს კითხვაზე: მივყავართ თუ არა პრაქტიკას სრულყოფილებამდე მედიაციის პროცესში? - მე მესმის თქვენი. თქვენი ძალიან კარგად მესმის... - სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია... - დიახ, შეიძლება მომხდარიყო, თუმცა... - შეიძლება, დავფიქრდეთ რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა? - თქვენი უკმაყოფილების მიზეზი ვეძებოთ და ვიფიქროთ, როგორ აღმოვფხვრათ ის... |
ეს რიტორიკული შეკითხვები თუ ფრაზები კარგად ასახავს იმას, თუ რა სჭირდება ადამიანს მედიაციის პროცესში: თანადგომა, თანაგრძნობა და თანასწორობა. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ შემუშავებული ეს სამი „თა“ პრინციპი განმსაზღვრელია ეფექტური და ამავე დროს, ეფექტიანი ურთიერთობებისთვის, რომელიც არა მხოლოდ დავების გადაწყვეტისთვის არის დამახასიათებელი, არამედ კომუნიკაციის ხელოვნების ქვაკუთხედსაც წარმოადგენს და უსაფრთხოების განცდას გვძენს. თუმცა, სად გადის ზღვარი სამ „თა“-სა და სამართლიანობას შორის, სამართალსა და სამართლიანობას შორის, საკამათო და, ხშირ შემთხვევაში, უპასუხო კითხვების კატეგორიას მიეკუთვნება.
„ადამიანისთვის თანაგრძნობის გაწევა განსაცდელის ჟამს იგივეა, რაც ნამი - მცენარისათვის,“ „თუ უბედურის დახმარება არ შეგიძლია, თანაგრძნობა მაინც გაუწიე მას“- მედიატორების ფიქრები, ხატოვნად ნათქვამი, შეიძლება სწორედ ასე ჟღერდეს, თუმცა, პოზიტივისტების სამართალთან ამ ორ ფრაზას არავითარი კავშირი არ აქვს.
მედიაცია კლასიკური სამართლებრივი ინსტიტუტებისგან განსხვავებით გვთავაზობს ურთიერთობებზე, კომუნიკაციაზე დაფუძნებულ დავის გადაწყვეტის პროცესს, რომელშიც მედიატორი სარგებლობს უპირობო თავისუფლებით ეძებოს სამართლიანობა. ამ ძიების პროცესში მას სჭირდება გარკვეული საზღვრები, როგორც მორალურ, ასევე სამართლებრივ ჭრილში. სწორედ ამიტომ, მრავალ ქვეყანაში შეიქმნა მედიატორთა ქცევის კოდექსი, რომელთა ანალიზის საფუძველზე შეიძლება რამდენიმე ძირეული პრინციპი გამოვყოთ: კომპეტენცია, ნეიტრალურობა, თვითგამოხატვა, ხარისხი, კონფიდენციალურობა, მომსახურების რეკლამირება და ანაზღაურება. მიუხედავად იმისა, რომ სამართლის მკვლევრები ამ ძირითად პრინციპებზე თანხმდებიან, თითქმის ყველა ქცევის კოდექსის წინასიტყვა გვამცნობს, რომ თითოეული მედიატორის პირადი პასუხისმგებლობაა, თუ როგორ წარმართავს პროცესს და სამედიატორო საქმიანობას შინაგანაწესით მოწესრიგების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად თუ მოიძებნება პრაქტიკული „გაიდლაინები“ ეთიკური საკითხების სამართლებრივ რეგულირებასთან კავშირში. ამ მიმართულებით, საინტერესოა, ელენ ვოლდმენის წიგნი „მედიაციის ეთიკა: საქმეები და კომენტარები,“ რომელიც იწყება მედიაციის ფილოსოფიით (ღირებულებები, მოდელები და კოდექსები), ხოლო ყოველი ახალი თავი კი ახალ საქმესა და თანდართულ კომენტარებს წარმოადგენს. ვოლდმენის მიხედვით, მედიაციის ეთიკაში არსებობს სამი ბაზისი: ავტონომია, პროცედურული სამართლიანობა და „ნაყოფიერი“ გამოსავალი. ამ სამიდან კი ყველაზე დიდი ადგილი ავტონომიას უჭირავს, რომელიც მოცულია ისეთი ეთიკური დილემებით, როგორიცაა: ემოციურობის, ძალის, ინფორმაციისა და თვითგამოკვევის ბალანსი მხარეების მხრიდან, ხოლო მედიატორი მხარეთა პაექრობის პროცესში კეთილსინდისიერებისა, სამართლიანობისა და რელევანტური ინფორმაციის გამჟღავნების დილემის წინაშე დგას.
არისტოტელე ეთიკას უკავშირებს კითხვას: რა უნდა გავაკეთოთ სამართლიანობისა და უსამართლობის გასამიჯნად? იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრდა სამედიაციო ეთიკის ორი მოდელი: მარეგულირებელი და პრაქტიკული. მარეგულირებელი მოდელის მიხედვით, ზემდგომი პროფესიული საზოგადოება ქმნის ქცევის წესების საერთო სტანდარტებს, რომელიც სავალდებულოა ყველასთვის. აღნიშნული მოდელის კრიტიკოსები, დეივიდ ლუბან, ვილიამ სიმონი და ქრისტინე პარკერი მიუთეთებენ, რომ ეს მოდელი ყურადღების მიღმა ტოვებს რეალურ ურთიერთობებსა და მხარეთა მოვალეობებს. მისი უფრო ფორმალური და ნაკლებად პრაქტიკული ხასიათი, ქმნის იძულების ილუზიას და არ აგვარებს იმ გამოწვევებს, რომელზეც გვექნება საუბარი. სწორედ ამიტომ, შეიქმნა პრაქტიკული მოდელი, რომელიც კონკრეტული „სცენარის“ გათვალისწინებით ქმნის მედიატორთა ქცევის სავალდებულო წესებს. ამ შემთხვევაში უკუგდებულია ზოგადი კონცეფციები და ყურადღება ეთმობა პრეცედენტებს, რომელიც ყოველი მსგავსი შემდგომი შემთხვევისთვის გამოსადეგია. ამ მოდელის მომხრეები, რომლებიც ძირითადად ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნების იურისტები არიან, მთავარ უპირატესობად მიიჩნევენ, რომ მსგავსი პრეცედენტები იქმნება თვითონ იურიდიული საზოგადოების შიგნით და მას არ არეგულირებს ზემდგომი ორგანო, შესაბამისად, არის უფრო ურთიერთობებზე დამყარებული, დინამიკური და მოქნილი, განსხვავებით იერარქიული, ფორმალური მარეგულირებელი მოდელისაგან.
პრაქტიკული მოდელის მიმზიდველობა მედიაციის პროცესში შემდეგი არგუმენტებით მყარდება: მედიაცია არის კონკრეტულ ურთიერთობებზე დამყარებული პროცესი და არ საჭიროებს ტრადიციულ მიდგომებს, რომელიც დამახასიათებელია მარეგულირებელი მოდელებისთვის; მედიაცია ითვლება ერთიანი სტრუქტურის არ მქონე დავის მოგვარების საშუალებად, მისი არასტრუქტუირებული ხასიათი კი უარყოფს ეთიკის რეგულაციების ერთიანი მოდელის არსებობას; მედიაცია ინტერესებზე დაფუძნებული პროცესია და საჭიროა მოქნილობა.
მედიაციის პროცესი შეიძლება შევადაროთ თეატრალურ დადგმას. როდესაც მსახიობი გვერდს უვლის სცენარს, იმპროვიზაცია მისი ყველაზე დიდი იარაღი ხდება. მედიატორის მიერ პროცესის წარმართვა საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს, სწორედ ამიტომ, სამედიატორო საქმიანობაში ერთი კონკრეტული მოდელის გამოყენება გამორიცხულია, რაც ერთ-ერთი ეთიკური გამოწვევაა. მიუხედავად მედიაციის ეთიკაში განზოგადებული კონცეფციებისა, ყოველმა ახალმა შემთხვევამ შეიძლება ახალ მოდელთა გამოყენების საჭიროება წარმოშვას.
კვლევებმა ცხადყო, რომ მედიატორთა გამოწვევა არა მხოლოდ საჭირო მოდელის მოძებნაა სამედიატორო პრაქტიკაში, არამედ უფრო დიდი გამოწვევები მედიატორისთვის მორალურ-ეთიკურ ჭრილში არსებობს: 1. უნარ-ჩვევები, რომელიც პროცესს სჭირდება ხშირ შემთხვევაში ცდება მედიატორთა მომზადების საზღვრებს (მაგ., ძალადობის ხარისხის დადგენა, მხარის ქმედუნარიანობის შეფასება); 2. მედიატორის მიუკერძოებლობა მაშინ, როცა ერთ-ერთი მხარის არგუმენტები მისთვის უფრო დამაჯერებელი ხდება, გააჩნია სიმპათია ან პირიქით ანტიპათია მხარეთა მიმართ; 3. კონფიდენციალურობის დაცვა უკანონო და უსამართლო სამედიატორი მორიგების დროს; 4. მორიგება, როცა აშკარაა ფსიქიკური თუ ფიზიკური იძულების კვალი; მენტალური აშლილობის გამოყენებით ან ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული; 5. მიუკერძოებლობასა და მართებულ გადაწყვეტილებას შორის ჭიდილი, პროცესის მართვის სურვილი სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის; 6. ნეიტრალურობასა და საჭირო იურიდიულ თუ თერაპიულ დახმარებას შორის ჭიდილი; 7. მხარეებისთვის სავარაუდო ზიანი, თუ ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ან თუ შეთანხმება არ აღმოფხვრავს პრობლემას; 8. მედიაციის პროცესის გამოყენება მხარეთა მიერ, როგორც ინფორმაციის მიღების, დროის მოგებისა და მეორე მხარის შანტაჟის საშუალება; 9. მედიატორის ინტერესებსა და მხარეთა სრულფასოვან პროცესს შორის კონფლიქტი (მაგ. როცა სასამართლო აიძულებს მედიატორს სწრაფად დაასრულოს საქმე, ადვოკატების მხრიდან პირადი კონტაქტების გამოყენება).
კატეგორიებად დაყოფა ფაქტობრივია და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთსაც კვეთს, თუმცა, დილემების ამგვარად დიფერენცირებით რამდენიმე მნიშნველოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება: 1. კატეგორიზაცია ეხმარება მედიატორს განსაზღვროს სხვადასხვა სიტუაციური მიდგომა; 2. საჭიროს ხდის შეიქმნას პრაქტიკული „გაიდლაინები“ და შემუშავდეს პროცესების მართვის სტრატეგიები; 3. დილემების უმეტესობა უკავშირდება თვითგამორკვევას, რომელიც მედიატორის მიუკერძოებლობასა და ნეიტრალურობას საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ უკანასკნელის საილუსტრაციოდ სასამართლო მედიაცია გამოდგება. დღეს, მოდავე მხარეები წარმომადგენლის გარეშე სულ უფრო და უფრო ნაკლებად არიან ჩართულნი სასამართლო მედიაციის პროცესში, შესაბამისად, წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია არა დაახლოების და პრობლემის ძირეულად გაანალიზება და აღმოფხვრა, არამედ „ვაჭრობა“ და მორიგება. გარდა ამისა, სასამართლო მედიაციაში იშვიათად თუ შევხვდებით კრეატიულ გადაწყვეტილებებს, რაც გამოწვეულია ადვოკატებისა და მედიატორების „მონდომებით“ ყველაფერი სწრაფად გადაიყვანონ ფინანსურ და სამართლებრივ რელსებზე. აქედან გამომდინარე, მედიაცია უფრო შეფასებითი (evaluative), პროცესზე ორიენტირებული, ხდება, ვიდრე ხელისშემწყობი (facilitative).
ეთიკის კოდექსების აბსტრაქტული ხასიათი მხოლოდ მედიაციის დეფინირებას აკეთებს, ვიდრე, რეალურად, მხარეებისა და მედიატორისთვის ხელშემკვრელია. აქედან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგება პროცედურულისა და სამართლიანი მედიაციის სინთეზი. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, „გაიდლაინების“ ინსპირაციული და მაღალფარდოვანი ენის უკუგდება და მათი ავტორების მხრიდან უფრო პრაქტიკულ საწყისებზე ფოკუსირება. თუ მედიაციის ეთიკის კოდექსი იქმნება მედიატორებისთვისა და მხარეებისთვის, მნიშვნელოვანია იგი შეესაბამებოდეს პრაქტიკულ გამოწვევებს.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, როგორც ჩანს და ეთიკის კოდექსების რეფორმაცია დანარჩენი დილემების გადაჭრის საშუალებად შესაძლოა არც წარმოგვიდგეს. პროფესიული ეთიკის ერთ-ერთ პრინციპია ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა. შესაბამისად, იურიდიული ფირმები და კერძო მედიატორები ვეღარ ახერხებენ თავიანთი წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებას მათ მიერ მედიაციის პროცესებში მონაწილებოს გამო. მცირერიცხოვან საზოგადოებებში, სადაც მედიატორი შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილს იცნობდეს, ამგვარი შეზღუდვების დაწესება შეაფერხებს მედიაციის პრაქტიკის განვითარებას. დღემდე უპასუხოა კითხვები, შეუძლია თუ არა არბიტრს იყოს მედიატორი ერთსა და იმავე საქმეში ან პირიქით, მედიატორი არბიტრი?! აქედან გამომდინარე, უმჯობესია საკანონმდებლო გზით შეიზღუდოს მედიატორის უფლებამოსილება - საქმე აწარმოოს საამართლოში ან არბიტრაჟში, ადვოკატის სტატუსით მედიაციის პროცესის ერთ-ერთი მხარის ინტერესებისთვის.
და ბოლოს, „მე მესმის თქვენი.“ რამდენად ახერხებს მედიატორი მოსმენას და თანაგრძნობას რეალურად? რა ბოჭავს მას? ახდენს თუ არა პირადი მოტივები გავლენას მედიატორზე? აქვს თუ არა უფლება მედიატორს, რომელიც განქორწინებულია ან ცოტა ხნის წინ ავტოავარიის თანაავტორი იყო, მონაწილეობა მიიღოს მსგავს საქმეში, როგორც მედიატორმა? - ეს ის კითხვებია, რომელთაც სამართლებრივი აქტები ვერ მოაწესრიგებს. შესაბამისად, ყოველმა მედიატორმა თავის თავში უნდა ეძებოს პასუხები და შემდგომ სამედიატორო პრაქტიკის განვითარებაში შეიტანოს წვლილი.
„ყველაზე ძლიერ იარაღს, რომელსაც ჩემი კლიენტებისთვის ვიყენებ არის ის, რომ ვეუბნები: მე გისმენთ ყურადღებით და მე მესმის თქვენი“- ამბობს ერთ-ერთი ამერიკელი მედიატორი ჯოი ს. როდენტალი. „გისმენთ“ და „მესმის“ არის ის, რასაც მხარეები ითხოვენ. მხარდაჭერა და თანაგრძნობა პროცესში, სტრუქტუირებული ტრეინინგები და მინიმალური სტანდარტები - ამ ყველაფრის გათვალისწინება პრაქტიკოსებისა და თეორეტიკოსების მხრიდან ეთიკის დილემების გადაჭრისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
და თუ თქვენ, რომელიც ამ ბლოგს კითხულობთ, გიჩნდებათ სურვილი გახდეთ ან უკვე
ხართ პროფესიონალი მედიატორი, დაიმახსოვრეთ, რომ ეთიკის კოდექსი თქვენშია,
გააჩნია, როგორ განავითარებთ თქვენს პრაქტიკას.
„ყოველ ადამიანშია მზე - ოღონდ მიეცით მას საშუალება, რომ ანათოს“.
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის
ბაკალავრიატის სტუდენტი