როცა მედიაციას გადავწყვეტთ...
რა არის ემპათია? სიმბოლისტ-ინტერაქციონისტები, ჯორჯ მიდი და სხვები, ემპათიას განიხილავენ, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესს, რაც სოციალიზაციის არსს შეადგენს. ემპათია არის უნარი იმისა, რომ გაგებულ იქნეს სხვა ადამიანთა ქცევა და დამოკიდებულება. ემპათიის შინაარსი ვებერთან მოიაზრება ცნებაში „ფერშტეენ“ (verstehen), რომელიც ნიშნავს გაგებას და თანაგანცდის მეშვეობით უზრუნველყოფს სხვათა ემოციური, არარაციონალური ქმედებების საზრისთა ადეკვატურ წვდომას. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ემპათიის უნარსა და მედიაციას ერთმანეთთან? რთულია მოიძებნოს ისეთი დავა, სადაც რომელიმე მხარე აბსოლუტურად მართალია. როდესაც ადამიანს გააჩნია უნარი თანაუგრძნოს სხვას, ცოტა ხნით მაინც მოვლენებს მისი თვალით შეხედოს - ეს შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი და ის გზა, რომელიც მას კონფლიქტის თავიდან აცილებაში, ან უკვე წარმოშობილი უთანხმოების წარმატებით დასრულებაში დაეხმარება. |
შეიძლება გაბრაზებული ან იმედგაცრუებული ვიყოთ... ასეთ დროს რთულია მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნა. სწორედ ამიტომ, ადამიანების გარკვეული კატეგორია ამჯობინებს დავა სასამართლოს გზით გადაჭრას, იყოლიოს წარმომადგენელი, რომელსაც მიანდობს დავის მართვის პროცესს. ამას შემდგომში ხშირად სინანული და იმედგაცრუება მოაქვს. თუმცა, ხშირად ჩვენ იმდენად დარწმუნებულები ვართ საკუთარ ,,სიმართლეში“ და იმდენად ურყევი პოზიცია და რწმენა გვაქვს, რომ შეგვიძლია გავწიროთ წლების განმავლობაში შექმნილი ფასეულობა ურთიერთობის სახით და არასდროს დავფიქრდეთ უთანხმოების გამომწვევ მიზეზებზე.
ამიტომ, ხშირად მხარეებს აქვთ შიში დაიწყონ დიალოგი. მაშინაც კი, როდესაც სასამართლო დავის დროს, მხარეები წარმოდგენილნი არიან ადვოკატებით, შეთავაზების გაკეთება აღიქმება, როგორც სისუსტე, რომელიც მეორე მხარემ შესაძლოა გამოიყენოს სათავისოდ.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ვაანალიზებთ, რომ ჩვენ, ჩვენივე ხისტი დამოკიდებულება უფრო მეტ ტკივილს გვაყენებს ან ეს დამოკიდებულება არაფრის მომცემია? ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება გვეფიქრა ან გვეგრძნო მეორე მხარის თვალთახედვიდან. თუ ჩვენ, მსგავს შემთხვევბში ამაზე ფიქრს შევძლებდით, ალბათ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დავთანხმდებოდით და მოვისურვებდით დავის მედიაციის გზით გადაჭრას.
მედიაციაში მედიატორი არის ის პირი, რომელიც მართავს მხარეთა დიალოგს და უშუალო, ნდობაზე დაფუძნებულ კავშირს ამყარებს მხარეებთან. შეიძლება ითქვას, რომ მედიატორი სწორედ ის პირია, რომელიც გვიბიძგებს ემპათიისკენ. (თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილზე რომ იყოთ? რას შეიძლება გრძნობდეს მეორე მხარე?)
მედიაციის დროს მხარეთა გულწრფელი და ღია დამოკიდებულება ვლინდება კერძო შეხვედრების დროს, სადაც მხარე ინდივიდუალურად ხვდება მედიატორს, განიხილავს და უმხელს მას ყველა იმ შესაძლო ალტერნატივას, რომელიც საბოლოოდ დავის მოგვარებისკენაა მიმართული. მედიატორი, თავის მხრივ, კონფიდენციალურად ინახავს იმ დეტალებს, რაც კერძო შეხვედრების დროს მხარემ გაუმხილა. იგი გარკვეულ შემთხევებში თავად ეხმარება მხარეებს განსაზღვროს თუ როგორი ფორმით და რა ფარგლებით იქნება კეთილგონივრული მეორე მხარისთვის, განდობილი ინფორმაციის გაზიარება ასევე, თუ რამდენად რეალური, განხორციელებადი, გონივრული და მოქნილი შეიძლება იყოს მხარეთა მოლოდინი.
ზოგიერთ შემთხვევაში როდესაც მოლაპარაკების უნარებს არ ვფლობთ, მოლაპარაკება შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. ადვოკატები ხშირად სამართლებრივ პრობლემაზე უფრო აკეთებენ აქცენტს, ვიდრე მხარეთა რეალური ინტერესების გამორკვევასა და განხორციელებაზე. ასეთი მკაცრი მიდგომით მხარეების უთანხმოება და განსხვავებული შეხედულებები წინა პლანზე გამოდის, ხოლო მათი საერთო ინტერესები მოლაპარაკების მიღმა რჩება.
მედიაცია კი ეხმარება მხარეებს განავითარონ დავის გადაწყვეტისკენ მიმართული ალტერნატიული და მრავალფეროვანი შეთავაზებები, რაც ზრდის შეთანხმების მიღწევის ალბათობას.
თუ თქვენ შეძლებთ და აღიქვამთ მოვლენებს არა მხოლოდ თქვენი ,,სიმართლის ჭრილში“, არამედ მოლაპარაკების მონაწილის თვალთახედვიდან (ან პერსპექტივიდანაც), მაშინ თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ რესურსს ორმხრივად სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად ურთიერთბრალდებების გარეშე.
იმისთვის, რომ მედიაცია წარმატებით დასრულდეს, არსებითია მასში გააზრებულად მონაწილეობა.
როცა მედიაციას გადაწყვეტთ, შეეცადეთ აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ემპათიის უნარი, რომელიც დათმობის ან კომპრომისის გარდუვალობას კი არ გულისხმობს, არამედ უფრო რეალისტურად და ობიექტურად წარმოაჩენს მეორე მხარის პოზიციას, რაოდენ ურყევად და შეუვალადაც არ უნდა აღიქმებოდეს ის საწყის ეტაპზე. ეს უნარი დავის წარმატებულად გადაჭრის საწინდარია.
როცა მედიაციას გადაწყვეტთ, თქვენ ხვდებით, რომ არ არსებობს იდეალური ურთიერთობები, ჩვენ, ადამიანები განზრახ თუ არა უნებლიედ მაინც ვუშვებთ შეცდომებს, ამიტომ უმჯობესია ვიფიქროთ გამოსავალზე, ვიდრე - პრობლემაზე. ნათქვამია, როდესაც კამათს გამოეთიშები კონფლიქტიც დამთავრდებაო, მართლაც თანაგრძნობა, ემოციების გაზიარება და სხვისის შენად განცდა არის საუკეთესო გზა კონფლიქტის თავიდან აცილებისა ან უკვე წარმოშობილი დავის მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მოგვარებისა.
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის
მაგისტრატურის სტუდენტი