კრეატივი - მედიატორის მთავარი იარაღი
მედიაციის პროცესში დავის კრეატიულად გადაწყვეტის გაცილებით დიდი შესაძლებლობაა სხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ პროცესებთან შედარებით. სწორედ ესაა მისი ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა. არაერთ ქვეყანაში არსებულ მედიატორთა ეთიკის კოდექსში შევხვდებით დავის გადაწყვეტისადმი კრეატიული მიდგომის გამოყენების რეკომენდაციასა თუ ვალდებულებას. ერთი შეხედვით აშკარაა და ყველა თანხმდება, რომ მედიაციაში კრეატივი უმნიშვნელოვანესია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საზოგადოება ნაკლებად ინტერესდება ამ საკითხით. ამაში კი ამ თემაზე მუშაობამაც დამარწმუნა - თითქმის შეუძლებელია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სამეცნიერო ნაშრომის მოძიება. და მაინც, მედიატორისთვის კრეატივი მთავარი იარაღია. ისეთივე საჭიროებაა, როგორიც ჟანგბადი. ჟანგბადს საკუთარი ფორმულა აქვს - O2. და აქვს კი კრეატივს საკუთარი ფორმულა?![1] |
კრეატივთან მიმართებით მრავალი მეტნაკლებად განსვავებული მიდგომა არსებობს და, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა სფეროში არაერთგვაროვნად აღიქმება. შედეგად გაურკვეველია კონკრეტულად რა იგულისხმება მედიაციისას დავის კრეატიული მიდგომით გადაწყვეტაში. მედიაციაში მისი როლისა და მნიშვნელობის განსასაზღვრად, ვფიქრობ, უმჯობესია ის სხვადასხვა კონტექსტში განვიხილოთ. თუმცა მანამდე შევეხებით კრეატივის ამოსავალ იდეას, რაც მისი ყოველი განსაზღვრების საფუძველია.
კრეატივი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “creatio”, რაც შექმნას ნიშნავს. შესაბამისად, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრეატიული წარმოადგენს ადამიანის მიერ შექმნილს. ამის გამო მას აიგივებენ ხელოვნურთან, რაც არასწორია. ხელოვნებაში მთავარია ავტორის შთაგონება, ემოციები და შესაძლებლობები. ხოლო კრეატივის შექმნის პროცესი პრაგმატულ ხასიათს ატარებს. ეს გულისხმობს, რომ კრეატივის შემქნელი არ გაურბის და წინა პლანზე სწევს ისეთ კითხვებს, როგორიცაა:
- რა უნდა შეიქმნას?
- ვისთვის უნდა შეიქმნას?
- როგორ უნდა შეიქმნას?
- რატომ უნდა შეიქმნას?
- და სხვა.
ხელოვანი არ უსვამს თავის თავს ამ შეკითხვებს. ის იდიალისტია და ქმნის თავისი გრძნობებიდან თუ განწყობიდან გამომდინარე. კრეატივის შემქმნელი კი უფრო მეტად მიზნისა და ობიექტურ გარემოებათა გონივრული ანალიზისა და სინთეზის საშუალებით მოქმედებს. მაშასადამე, მთავარი რამ, რაც მოეთხოვება მედიატორს კრეატიულობისთვის, ესაა პრაგმატულობა. ის რეალისტურად უნდა უყურებდეს დავას და სუბიექტურობით ცაში აფრენილი მხარეებიც მშვიდობიანად უნდა დააბრუნოს მიწაზე.
მალტელი მეცნიერის ედვარდ დე ბონოს თქმით, კრეატივი გულისხმობს ჩამოყალიბებული ჩარჩოების ჩამოშორებას, რათა საგნები განსხვავებულად გამოიყურებოდნენ. მოდავე მხარეები, ჩვეულებრივ, არასწორად იგებენ ერთმანეთის ნათქვამს. საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე არაერთგვარონად აღიქვამენ ობიექტურ რეალობას. ამ ყველაფერს განაპირობებს ის, რომ მათ „ბრაზის სათვალეები“ უკეთიათ. მედიატორი მაქსიმალურად უნდა ეცადოს მოხსნას ემოციური ფონი მხარეებს შორის და ობიექტური თვალსაწიერიდან დაანახოს არსებული ვითარება.
სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, საერთაშორისო ექსპერტი ალეშ ზალარი თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში განიხილავს დისტრიბუციულობისა და კრეატიულობის დაპირისპირებას, როგორც ყოველ სადავო ურთიერთობაში არსებულ ინტერესთა კონფლიქტს.[2] მისივე განმარტებით, დისტრიბუციული მიღების სურვილი ნიშნავს, რომ მხარეს სურს მიიღოს ნამცხვრის უფრო დიდი ნაჭერი ვიდრე მას მოპირდაპირე მხარე აძლევს. მეორე მხრივ, კრეატივში გულისხმობს მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით მთლიანად ნამცხვრის ისე გაზრდას, რომ მისი ნაჭრები ისევ მხარეებს ეკუთვნოდეს. როგორც ვხედავთ, ალეშ ზალარს მედიაციაში კრეატიულ მიდგომად მიაჩნია სადავო ფასეულობის მხარეთა თანამშრომლობის გზით გაზრდა. ფასილიტაციური მედიაციის დროს ნეიტრალურობის დაცვით აღნიშნულის მიღწევა საკმაოდ რთული ამოცანაა მედიატორისთვის და ამაში გარკვეულწილად მხარეები და მათი წარმომადგენლებიც უნდა დაეხმარონ.
მედიატორის როლს პირდაპირ უკავშირდება რობერტ ბრესონის მიერ გამოთქმული კრეატივის განმარტება: „გახადო ხილული ის, რაც შენს გარდა შესაძლოა ვერავის ვერასდროს დაენახა.“ ალბერტ აინშტაინის აზრით კი -„კრეატიულობა ეს არის ხედავდე იმას, რასაც ყველა ხედავს, მაგრამ ფიქრობდე იმაზე, რაზეც არავის არასდროს უფიქრია“. დიახ, სწორედ ესაა მედიაციისა და მედიატორის მთავარი მიზანი, დაანახოს მხარეებს ის, რასაც მანამდე ვერ ხედავდნენ, რისი დანახვაც მანამდე არ შეეძლოთ. ამის მიღწევის მთავარი იარაღი კი კრეატივია.
მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრეატივი მედიატორისთვის გულისხმობს მხარეთა ინტერესების გამოკვეთას, მათ ობიექტური გარემოებების საფუძველზე განხილვის ხელშეწყობას და ამ გზით შეთანხმების მიღწევას. ის პრაგმატულად უყურებს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას და არ გაურბის მარტივ კითხვებს მხარეთა რეალური ინტერესების გამოსაკვეთად, რაც წინაპირობაა მხარეთა ინფორმირებული შეთანხმებისა. ეს უკანასკნელი კი მინიმუმამდე ამცირებს სამომავლო ურთიერთობებში კონფლიქტის ხელახალი ექსკალაციის ალბათობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრეატივი წარმატებული მედიაციის პროცესის წარმოების უალტერნატივო საშუალებაა. მის გარეშე წარმოუდგენელია მხარეთა შორის ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომლის ნებაყოფლობითი შესრულებაც მომავალში ეჭვქვეშ არ დადგება.
.
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის
მაგისტრატურის სტუდენტი
[1]<http://camp.ge/lofiversion/index.php/t1263.html>
[2]Zalar A., Managing judicial change through mediation - part 1, ADR bulletin, volume 6, number 8, article 3, 02.01.2004, 1, 8. <http://epublications.bond.edu.au/cgi/viewcontent.cgi?article=1267&context=adr>