ბიზნეს ფორუმი: ,,სასამართლო-კერძო მედიაციის არსობრივ-პროცედურული გარანტიები“
ა/წ 8 აპრილს თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა -ნათია ჩიტაშვილმა თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის (TOU CoLE) ფორუმზე წარადგინა მოხსენება: ,,სასამართლო-კერძო მედიაციის არსობრივ-პროცედურული გარანტიების შედარებითი უპირატესობა ბიზნეს დავის კონტექსტში“.
დისკუსია გახსნა თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა - რამაზ კუკულაძემ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა. ღონისძიების მოდერატორობა წარმართა სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორმა, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - პროფ. ირაკლი ბურდულმა.
მოხსენება მიეძღვნა კერძო და სასამართლო მედიაციის შედარებითი უპირატესობის, პროცესუალურ-ეთიკური გარანტიების, მედიაციის შესახებ დათქმის ნამდვილობის წინაპირობების და სამართლებრივი გარანტიების ინტეგრირების, კონფიდენციალურობის დამოუკიდებელი შეთანხმების სახელშეკრულებო და პროცესუალური გარანტიების, სამედიაციო მორიგების ნამდვილობისა და აღსრულების წინაპირობების, სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის, მედიაციის პროცედურული წესების განსაზღვრის საკითხებს. მოხსნების შემდეგ გაიმართა დისკუსია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით.