swiss ferrari daytona replica is perfect and elegant.om rolex datejust ladies rolex calibre 2836 2813 m126284rbr 0006 silver dial for sale success will be incredible.

ncadr
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მედიაცია

მედიაცია, როგორც  დამოუკიდებელი პროცესი დავის გადაწყვეტის სისტემაში 
2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განმტკიცდა სავალდებულო სასამართლო მედიაციის ინსტიტუტი, ხოლო  2019 წლის 18 სექტემბერს ,,მედიაციის შესახებ“ კანონის მიღებით და 2020 წლის პირველი იანვრიდან კანონის სრული  ამოქმედებით დამკვიდრდა საკანონმდებლო პლატფორმა, როგორც სასამართლო, ისე კერძო მედიაციის ინსტიტუციონალიზაციისათვის. ამავე კანონმა განსაზღვრა მედიაციის (სასამართლო და კერძო) ნორმატიული ცნება, რომლის თანახმადაც, მედიაცია არის პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, ეს პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით. ამდენად, მედიაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში განმტკიცებულ დავის გადაწყვეტის პროცესების ჯაჭვში მკვიდრდება როგორც დამოუკიდებელი, სრულფასოვანი პროცესი, რომლის შედეგი - მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმებით მიღწეული შეთანხმება სამედიაციო მორიგების სახით მხარეთა ნების შემთხვევაში აღსრულდება სასამართლოს მიერ და ამდენად, მისი იურიდიული ძალმოსილებით უთანაბრდება  მართლმსაჯულების შედეგს - სასამართლო გადაწყვეტილებას.
მედიაციის პროცესში გადაწყვეტილებას ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების საფუძველზე იღებენ დავის მონაწილე მხარეები, ხოლო მედიატორი - ნეიტრალური მესამე პირი, მოლაპარაკების ფასილიტატორი,  ხელს უწყობს მხარეთა კომუნიკაციას, პოზიციების დაახლოებას და ორმხრივი/მრავალმხრივი ინტერესების ამსახველი შეთანხმების მიღწევას მხარეთა სამართლებრივი კონსულტირებისა და საქმის სამართლებრივი ანალიზის უფლებამოსილების გარეშე. მედიაციის პროცესში მხარეთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების, აღსრულებაუნარიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელოვანი გარანტიაა მხარის უფლება იყოლიოს მედიაციის პროცესში ადვოკატი წარმომადგენელი. 
მედიაციის პროცესი ემყარება ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელიც მისი ეთიკური ურღვევობის გარანტიაა: კონფიდენციალურობა, ნეიტრალურობა, მიუკერძოებლობა, თანასწორუფლებიანობა, კეთილსინდისიერება, თვითგამორკვევა და ნებაყოფლობითობა. ,,მედიაციის შესახებ“ კანონით აღიარებულია მედიაციის ფუნდამენტური პრინციპების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები. 
მედიაციის პროცესი არაფორმალურია, მისი წარმართვის წესს მედიატორი განსაზღვრავს იმ შემთხვევაში თუ პროცედურული წესები მხარეებს არ შეუთანხმებიათ. მედიაციის პროცესის არაფორმალურობა მედიატორს ანიჭებს შესაძლებლობას მოქნილად წარმართოს მედიაციის პროცესი მხარეთა საჭირობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
მედიაციის პროცესი წარიმართება საერთო და ინდივიდუალური (მედიატორისა და ერთი მხარის) შეხვედრების საფუძველზე კონფიდენციალურობისა და სხვა ეთიკური პრინციპების მაღალი სტანდარტების დაცვით, რაც თვითგამორკვევის პრინციპის განხორციელების მიზნით მხარეთა ინტერესების სიღრმისეულ გამოკვლევას და აღნიშნული ინტერესების ამსახველი შეთანხმების მიღწევის მიზანს ემსახურება.
მედიაციის არსობრივი და პროცედურული უპირატესობები დაცულია როგორც სასამართლო, ისე კერძო მედიაციაში და უზრუნველყოფილია მოქმედი სამართლით აღიარებული საკანონმდებლო გარანტიებით.
მედიაცია არ ზღუდავს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, რამეთუ მხარეთა მიერ სრული ან ნაწილობრივი შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შეუზღუდავად უნარჩუნდებათ სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლება.

სავალდებულო მედიაცია
ქართული სამართლებრივ სივრცეში განმტკიცებულია სავალდებულო მედიაციის ორი ფორმა: ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული კოლექტიური დავის მედიაცია და ,,მედიაციის შესახებ“ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სასამართლო მედიაცია. სავალდებულო მედიაციაში მონაწილეობა კანონით სავალდებულოა, თუმცა არ გულისხმობს შეთანხმების სავალდებულოობას. სასამართლო მედიაციის საფუძველი შეიძლება გახდეს, არა მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებული მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულო განჩინება საქმის მედიაციისათვის გადაცემის თაობაზე, არამედ ერთ-ერთი მხარის ან მხარეთა ერთობლივი მოთხოვნაც. ამდენად, სასამართლო მედიაციის ინიცირების საფუძველი შეიძლება მხარეთა ნებაყოფლობითი ინიციატივაც აღმოჩნდეს, მსგავსად კერძო მედიაციისა. 
როგორც სავალდებულო, ისე კერძო მედიაციაში აღიარებული და საკანონმდებლო გარანტიებით უზრუნველყოფილია მედიაციის ფუძემდებლური პრინციპები

 

სასამართლო მედიაცია 


,,მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განმტკიცებული მედიაციის პროცესი მოიცავს როგორც სავალდებულო სასამართლო, ისე კერძო მედიაციას იმისდა მიხედვით, საქმე სასამართლო მედიაციას გადაეცემა სასამართლოს მიერ თუ ინიცირებულია მხარეთა კერძო ინიციატივის საფუძველზე სასამართლოში საქმისწარმოების დაწყების გარეშე. 
 სასამართლო მედიაციისათვის საქმის სავალდებულო წესით გადაცემამდე მოსამართლე აფასებს კონკრეტული საქმის მედიაციაში განხილვის საფუძვლებს, მორიგებით საქმის დასრულების კრიტერიუმებს, ნიშან-თვისებებს, მხარეთა შეთანხმებაუნარიანობის რესურსს, დავის დროული და ეფექტიანი გადაწყვეტის საჭიროების ხარისხს. 
სავალდებულო სასამართლო მედიაციის ინსტიტუტი ქართულ სამართლებრივ სივრცეში ჯერ კიდევ 2011 წლის 20 დეკემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორცელებული ცვლილებებით დამკვიდრდა. თუმცა, სავალდებულო მედიაციას დაქვემდებარებულ საქმეთა ჩამონათვალი ,,მედიაციის შესახებ“ კანონის მიღების კვალდაკვალ არსებითად გაიზარდა 2020 წლიდან და მოიცვა კერძოსამართლებრივი დავების უდიდესი ნაწილი: 
•  საოჯახოსამართლებრივი დავები (გარდა შვილად აყვანასთან, შვილად აყვანის ბათილად ცნობასთან, შვილად აყვანის გაუქმებასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დავებთან დაკავშირებული საქმეებისა);
•    სამემკვიდრეო და სამეზობლოსამართლებრივი დავები;
•    შრომითსამართლებრივ დავები, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული კოლექტიური დავისა;
•    საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული დავები;
•    ქონებრივ დავები, თუ დავის საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება;
•  საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან) გამომდინარე საქმეები, თუ დავის საგნის ღირებულება 10000 ლარს არ აღემატება; 
•    არაქონებრივი დავები.

სავალდებულო მედიაციაში მონაწილეობის ვალდებულება არ ზღუდავს მედიაციის  ნებაყოფლობითობის ფუძემდებლურ პრინციპს, რამეთუ მოლაპარაკების კეთილსინდისიერი  და ორმხრივი ინტერესების ამსახველი ინფორმირებული შეთანხმების მიღწევის მცდელობის მიუხედავად, მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავის მხარეები ინარჩუნებენ სასამართლოსადმი მიმართვის/ საქმისწარმოების გაგრძელების უფლებას. 

სავალდებულო მედიაციას დაქვემდებარებული დავების გარდა სხვა ნებისმიერ დავაზე ან/და იმშემთხვევაში, თუ მხარეთა შორის სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე ამავე დავაზე გამოყენებულ იქნა კერძო მედიაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, სასამართლო მედიაცია არასავალდებულოა და საქმე სასამართლო მედიაციას გადაეცემა მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.  

 

კერძო მედიაცია 

კერძო მედიაცია, მხარეთა მიერ სარჩელის წარდგენის გარეშე, მათივე ინიციატივით, მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, მედიატორისთვის საქმის გადაცემას გულისხმობს. კერძო მედიაციის შემთხვევაში კანონით აღიარებულია მედიაციის ფაქტის კონფიდენციალურობაც, კონფიდენციალურობის დაცვის საერთო სტანდარტთან ერთად. კერძო მედიაციაში, სასამართლო მედიაციის მსგავსად, მედიატორად შეიძლება მონაწილეობდეს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მედიატორთა ერთიანი რეესტრის წევრი მედიატორი.  კერძო მედიაციის დაწყების მომენტიდან ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად მიიჩნევა კერძო მედიაციის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს კერძო მედიაციის დაწყებიდან 2 წლისა. კერძო მედიაციის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში დრო, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული იყო, აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება
კერძო მედიაციაში მონაწილე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ კერძო მედიაციაში მიღწეული სამედიაციო მორიგების აღსრულების წესზე, რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილ კერძო სამედიაციო მორიგებას აღჭურავს სასამართლო მედიაციაში მიღწეული მორიგების მსგავსი სამართლებრივი ლეგიტიმაციით. აღნიშნული მხარეებს ანიჭებს სამართლებრივი სტაბილურობისა და უფლებების დროული, შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას. 

 

მედიაციის უპირატესობები 

•    ეფექტიანობა და ნაკლებდანახარჯიანობა - მედიაცია, როგორც დავის მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის პროცესი სასამართლოსთან შედარებით სწრაფი და ნაკლებდანახარჯიანია, ამასთან ის ემოციური რესურესების დაზოგვასაც უზრუნველყოფს სტრესულ და გრძელვადიან სამართლწარმოების პროცესში მონაწილეობისგან განსხვავებით. 
•    შედეგზე კონტროლის შესაძლებლობა - სასამართლოსგან განსხვავებით, ვინაიდან მედიაციის პროცესში თავად მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას, მხარეთათვის არასასურველი შედეგის დადგომის რისკი არ არსებობს. ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გარანტად უდგას მედიაციაში ადვოკატი წარმომადგენელი, რომელიც მხარისათვის სამართლებრივი რისკების ანალიზს ახორციელებს. 
•    საქმის შინაარსობრივი და პროცედურული კონტროლის შესაძლებლობა -  მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ნებისმიერ მართლზომიერ შედეგზე, ორმხრივ ინტერესებზე  მორგებულ პირობებზე, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელიც მათ სასარჩელო მოთხოვნაში არ იყო ასახული. მხარეებს შეუძლიათ მიაღწიონ  დავის ნაწილობრივ შეთანხმებას და შეთანხების მიღმა დარჩენლი საკითხების განხილვა სასამართლოს მიანდონ. პროცესზე მხარის კონტროლის გამოხატულებაა ის, რომ მედიაციის პროცესს მედიატორი წარმართავს მხარეთა მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად. მედიაციის პროცესში შუალედური მოლაპარაკების შედეგები არ არის მბოჭავი, მათთვის არაფერია სავალდებულო, მანამ სანამ მხარეები საბოლოოდ არ განაცხადებენ თანხმობას სამედიაციო მორიგების პირობებზე. მედიაციის პროცესზე კონტროლის გამოხატულებაა ის, რომ მედიაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზეც შეწყდეს. 
•    კონფიდენციალობა - მედიაციის არსობრივი და პროცედურულ უპირატესობები საკანონმდებლო გარანტიებითაა დაცული. მათ შორის ერთ-ერთი არსებითი უპირატესობაა მოლაპარაკების კონფიდენციალურობა, მედიაციის პროცესში გაჟღერებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა სასამართლოში. მედიაციაში კონფიდენციალურობის პრინციპით იბოჭებიან მხარეები, მედიატორი, მესამე პირები, მედიაციის მომსახურების მიმწოდებელი სამედიაციო ცენტრები. პროცესში მოქმედებს გარე და შიდა კონფიდენციალურობა. ერთი მხრივ, მედიაციის ფარგლებში გაზიარებული თავისი არსით კონფიდენციალური ინფორმაცია არ შეიძლება გამჟღავნდეს კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა გარეშე პირებისთვის. მეორე მხრივ, კონფიდენციალურობის დაცვის შიდა შრე გულისხმობს, რომ ინდივიდუალური შეხვედრის ფარგლებში მედიატორსა და ერთ მხარეს შორის გაზიარებული კონფიდენციალური ინფორმაცია არ შეიძლება ეცნობოს მეორე მხარეს ინფორმაციის მედიატორისათვის გამზიარებელი პირის გამოკვეთილი თანხმობის გარეშე. ამდენად, მედიაციის პროცესში მხარეებს შესაძლებლობა აქვთ კონფიდენციალური ინფორმაცია გაუმჟღავნონ მხოლოდ მედიატორს ინდივიდუალურ შეხვედრაზე და თავიდან აიცილონ კონფიდენციალურობის რღვევის რისკები. ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში მედიატორთან საკუთარი და მეორე მხარის ინტერესების კონფიდენციალური გამოკვლევა შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს კონფიდენციალურობის დაცვით მივიდნენ ორმხრივად სასარგებლო შეთანხმებამდე და გაუმჟღავნებელი დატოვონ კონფიდენციალური ფაქტები მეორე მხარისთვის. 
საერთო შეხვედრაზე გამჟღავნებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით მხარეებს შეუძლიათ გააფორმონ დამოუკიდებელი შეთანხმება კონფიდენციალურობის შესახებ, მოაწესრიგონ დარღვევის შედეგები, პასუხისმგებლობის ზომები და ამით მეტად გააძლიერონ კანონით განმტკიცებული კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიები სახელშეკრულებო მექანიზმებით.
•    მნიშვნელოვანი ურთიერთობების შენარჩუნების პოტენციალი - მედიაციაში მხარეებს აქვთ კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრის, უთანხმოების არსის წვდომის შესაძლებლობა მედიატორის დახმარებით, რაც მნიშვნელოვანი ფუნდამენტია სამომავლოდ დავების პრევენციისა და მხარეთა ურთიერთობების შენარჩუნეის თვალსაზრისით. მედიაციის, როგორც პროცესის, უდიდესი პოტენციალი   სამომავლო ურთიერთობების შენარჩუნების თვალსაზრისით შთამბეჭდავია როგორც პერსონალური ინტერესებით დატვირთულ დავებში, ისე ბიზნეს ურთიერთობებში, სადაც არსებითი ბიზნესის გრძელვადიანი დაცვის ინტერესი. 


მედიატორი


მედიატორი, როგორც ნეიტრალური მესამე პირი, მედიაციის პროცესში გვევლინება როგორც მხარეთა მოლაპარაკების ფასილიტატორი, ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების მხარდამჭერი, კონფიდენციალური, ნეიტრალური, მიუკერძოებელი, პროცედურული სამართლიანობის უზრუნველმყოფი და მხარეთა თვითგამორკვევის  მხარდამჭერი ოფიციოზი.

მედიატორი ქმნის მხარეთათვის არაფორმალურ, კონფიდენციალურ, ნეიტრალურ უსაფრთხო გარემოს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობა ხდება მხარეთა პოზიციების დაახლოებისა და საერთო ინტერესებზე მორგებული აღსრულებაუნარიანი შეთანხმების მიღწევისა, რომელსაც ამავე დროს ექნება ნებაყოფლობითი შესრულების უდიდესი რესურსი.
მედიატორის მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად მედიატორი კანონისა და პროფესიული ეთიკის ძალით მოკლებულია სამართლებრივი კონსულტაციებისა და სამართლებრივი შეფასების განხორციელების, შეთანხმების ალტერნატივების შეთავაზებების უფლებამოსილებას. მხარეთათვის საქმის სამართლებრივ ანალიზს ახორციელებენ პროცესში მონაწილე ადვოკატი წარმომადგენლები. თუ მედიაციაში მხარეს არ ჰყავს წარმომადგენელი, მას ევალება სამართლებრივი კონსულტაციების გავლის საფუძველზე მიიღოს მედიაციის პროცესში ინფორმირებული გადაწყვეტილება. მედიატორი ვალდებულია მოუწოდოს მხარეებს სამართლებრივი კონსულტაციების საჭიროებაზე მართლზომიერი და აღსრულებაუნარიანი შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობის მიზნით.