მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაცია მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამაზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (NCADR) 2026 წლის 11 ივნისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით აცხადებს მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაციას მედიატორთა აკრედიტებულ სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც მოიცავს 70-საათიან სწავლებას და პროგრამული აკრედიტაციის თანახმად, აკმაყოფილებს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის (სასწავლო მოდულის) სავალდებულო მოთხოვნებს (იხ. დებულება).
სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო მეთოდოლოგიით NCADR-ის 10-წლიანი სერტიფიცირების გამოცდილების გათვალისწინებით და ეფუძნება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში თსუ დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR) და ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ) მიერ შემუშავებულ პროგრამულ მასალებს.
NCADR-ის 70-საათიან სასერტიფიკატო პროგრამას წარმართავენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ტრენერთა და მედიატორთა შემფასებელთა ერთიანი რეესტრის წევრები, დავის ეფექტიანი გადაწყვეტის ბრიტანული ცენტრის (CEDR) მიერ აკრედიტებული ტრენერები: ირაკლი ყანდაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე, მედიატორი, მედიაციის მასტერ ტრენერი; ნათია ჩიტაშვილი - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, სასამართლო და კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, მედიაციის მასტერ ტრენერი; აკაკი გაწერელია - მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორი, გურამ ბარნაბიშვილი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერი, ადვოკატი, მედიატორი, თსუ-ის მოწვეული ლექტორი; ტარიელ სიხარულიძე - მედიატორი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიაციის მასტერ ტრენერი, მედიატორი, თორნიკე ბაქრაძე - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი, აკრედიტებული ტრენერი.
მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგში მონაწილეობის უფლება აქვს 18 წლის ასაკს მიღწეულ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ნასამართლევი.
მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამის მე-6 , მე-7 და მე-8 დღე ეთმობა მონაწილეთა შეფასებას მედიატორის როლში როლური სიმულაციის ფარგლებში. სასერტიფიკატო კურსის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღების მიზნით მსმენელმა წარმატებით უნდა გადალახოს მედიატორის პროფესიული კომპეტენციების მინიმალური ზღვარი. შეფასების პროცესში გამოყენებული კრიტერიუმები შეესაბამება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებულ მედიატორთა პროფესიული კომპეტენციების ჩარჩოს და შეფასების სისტემას.
მედიატორის პროფესიაში შესვლისა და მედიატორთა ერთიან რეესტრში გაწევრიანების მიზნით, NCADR-ის სასერტიფიკატო ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ, მედიატორობის მსურველმა პირმა უნდა ჩააბაროს მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების (სიმულაციური) გამოცდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციაში და დააკვირდეს ერთ სასამართლო მედიაციის პროცესს, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებს ასოციაცია.
ტრენინგი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ 2026 წლის 18-19-20, 26-27 სექტემბერს, 2-3-4 ოქტომბერს (8 დღე) zoom ონლაინ პლატფორმის გამოყენებით თითოეულ დღეს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ტრენინგში მონაწილეობის სრული საფასურია 700 ლარი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია დასრულდება ჯგუფის შევსებისთანავე. ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ განაცხადის გამოგზავნამდე წინასწარ დაგვიკავშირდით ნომერზე (WhatsApp): 557910019 პროგრამაზე თავისუფალი ადგილების გადამოწმების მიზნით. რეგისტრაციის დაწყებისთანავე რეგისტრაციის ადგილის დაკავების მიზნით შესაძლებელია საფასურის ნაწილის (სულ მცირე 200 ლარი) გადახდა და საფასურის ოდენობის სრულად შევსება 15 აგვისტომდე. საფასურის სრული თუ ნაწილობრივი ოდენობით გადახდისას, რეგისტრაციის მიზნით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა გაიგზავნოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტრენინგში მონაწილეობის საფასურის ნაწილის გადახდის შემთხვევაში, თუ კანდიდატი სრულად ვერ დაფარავს რეგისტრაციის დარჩენილ საფასურს 15 აგვისტომდე გადახდილი ნაწილობრივი საფასური თსუ-ის სახაზინო ანგარიშიდან უკან ვერ დაუბრუნდება.
საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად (გადახდის დანიშნულებაში მიეთითება - ,,მედიაციის ტრენინგი" და ტრენინგში მონაწილეობის მსურველი პირის სახელი/გვარი) ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პროფესიული ბიოგრაფია/cv (დაბადების თარიღის, საკონტაქტო ნომრის და სახელისა და გვარის ზუსტი მითითებით)
2. ტრენინგში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი.
პროფესიული რეზიუმეების ასლები ცენტრის მიერ შეინახება სასერტიფიკატო პროგრამის დასრულებამდე.
საბანკო რეკვიზირები:
| სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ს/ 204864548) მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 708967253 |