ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ინგლისურენოვანი ეროვნული კონკურსი

2013-03-26
 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტთა სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ინგლისურენოვან ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის.

 


კონკურსი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.  

 


ეროვნული კონკურსის მიზანია დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების პოპულარიზაცია, მედიაციის ინსტიტუტის შესახებ სტუდენტების ინფორმირება, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.


ინგლისურენოვანი ეროვნული კონკურსი გაიმართება 27-28 აპრილს სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორების კეტრინ გრინ ბარნეტისა და კიმბერლი კოვაკის ხელმძღვანელობით. კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 24, 25, (26) აპრილს  ჩატარდება ინგლისურენოვანი ტრენინგი მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეუფლებიან მედიაციის პროცესში კლიენტთა წარმომადგენლობის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ტრენინგში მონაწილეობის ვალდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც სტუდენტებზე, ასევე მათ მწვრთნელზე.


კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის სტუდენტთა ეროვნულ კონკურსში შემფასებლებისა და მედიატორების სახით ჩართულნი იქნებიან ბრიტანული ორგანიზაციის - დავების ეფექტურად მოგვარების ცენტრის (CEDR) საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართველი მედიატორები.

 


 საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისათვის დაარეგისტრიროს ერთი გუნდი 3 ან 4 ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტისა და ერთი მწვრთნელის  შემადგენლობით. განაცხადში არ შეიძლება იყვნენ შეყვანილი ის სტუდენტები, რომელთაც უკვე მიიღეს მონაწილეობა 2012 წლის კონკურსში. გუნდის რეგისტრაცია ხორციელდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge.


გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი, მოაწეროთ ხელი და და დასკანერებული ფორმატით გამოგზავნოთ ზემოთ მითითებულ საფოსტო მისამართზე.  

 

ხარვეზის მქონე განაცხადი არ მიიღება! 


განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა არა უგვიანეს ა/წ 3 აპრილისა. ამასთან, რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ამ თარიღის დადგომამდე, თუ 3 აპრილამდე ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის წარმატებით გაივლის რეგისტრაციას 8 გუნდი. რეგისტრაციის დასრულების შესახებ ოფიციალურად ცხადდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ვებ-გვერდზე: www.ncadr.tsu.ge 


განაცხადის წარმოდგენის შემდეგ რეგისტრირებული გუნდი  კარგავს რეგისტრაციის გაუქმების უფლებას, რადგან ეროვნული კონკურსის ორგანიზებისათვის აუცილებელი წინაპირობაა მასში 8 სტუდენტური გუნდის მონაწილეობა.  

 

კონკურსში გამარჯვებული გუნდი ჯილდოვდება სიმბლური საჩუქრებით და მწვრთნელთან ერთად იგზავნება პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსში მონაწილეობისთვის. საზაფხულო სკოლისა და ეროვნული კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 577 28 24 36