ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ინგლისურენოვანი ეროვნული კონკურსი დასრულდა

2013-04-28

 

27-28 აპრილს კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ინგლისურენოვანი ეროვნული კონკურსი ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით. 

 

ეროვნული კონკურსის მიზანს წარმოადგენდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების პოპულარიზაცია, მედიაციის ინსტიტუტის შესახებ სტუდენტების ინფორმირება, ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.

 

კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 24 - 25 აპრილს  ჩატარდა ინგლისურენოვანი ტრენინგი მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეუფლნენ მედიაციის პროცესში კლიენტთა წარმომადგენლობის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

 

ინგისურენოვან ტრენინგს უძღვებოდნენ სტივ ოსტერმილერი, კიმბერლი კოვაკი და კეტრინ ბარნეტი, რომელთაც ახსნეს თეორიული ასპექტები კლიენტის წარმომადგენლობის შესახებ მედიაციის პროცესში და ამის უკეთ გასაგებად, ჯგუფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მედიაციის სიმულაციებში.


კონკურსში დარეგისტრირდა საქართველოს 8 უნივერსიტეტის გუნდი (21 სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი და 8 მწვრთნელი): საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

ბრიტანული ორგანიზაციის - დავების ეფექტურად მოგვარების ცენტრის (CEDR) საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე  24 ქართველი მედიატორი   ჩართული იყო კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის სტუდენტთა ეროვნულ კონკურსში შემფასებლებისა და მედიატორების სახით.

პირველ დღეს, 27 აპრილს უნივერსიტეტების გუნდები ეჯიბრებოდნენ ნახევარფინალში მოხვედრისათვის. კონკურსის დროს უნივერსიტეტების დაწყვილება განხორციელდა კენჭისყრის მეშვეობით.  28 აპრილს ნახევარფინალში გადავიდა 4 გუნდი და ფინალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეხვდა თავისუფალ უნივერსიტეტს.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა კონკურსის გამარჯვებული, გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სიმბოლური საჩუქრებით და მწვრთნელთან ერთად გაემგზავრებიან პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კომერციული მედიაციის კონკურსში მონაწილეობისთვის. საზაფხულო სკოლისა და ეროვნული კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატები.