კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ქართულენოვანი ეროვნული კონკურსი
2013-06-19
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტთა სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ქართულენოვან ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის.
კონკურსი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით.
ნაციონალური კონკურსი გაიმართება ა/წ 14-15 სექტემბერს სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის პროფესორების ხელმძღვანელობით. კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 10, 11 და 12 სექტემბერს ჩატარდება მოსამზადებელი ტრენინგი მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეუფლებიან მედიაციის პროცესში კლიენტთა წარმომადგენლობის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ტრენინგში მონაწილეობის ვალდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც სტუდენტებზე, ასევე მათ მწვრთნელზე. მოსამზადებელი ტრენინგისა და კონკურსის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის სტუდენტთა ეროვნულ კონკურსში შემფასებლებისა და მედიატორების სახით ჩართულნი იქნებიან ბრიტანული ორგანიზაციის - დავების ეფექტურად მოგვარების ცენტრის (CEDR) საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართველი მედიატორები.
საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისათვის დაარეგისტრიროს ერთი გუნდი 3 ან 4 ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტისა და ერთი მწვრთნელის შემადგენლობით. ამასთან კონკურსში მონაწილეობა არ ეზღუდებათ ცენტრის მიერ ორგანიზებულ მედიაციის ინგლისურენოვან კონკურსებში მონაწილე სტუდენტებს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, რომლებსაც განაცხადის რეგისტრაციის მომენტში აქვთ სტუდენტის სტატუსი.
გუნდის რეგისტრაცია ხორციელდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge.
გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი, მიუთითოთ თარიღი, მოაწეროთ ხელი და დასკანერებული ფორმატით გამოგზავნოთ ზემოთ მითითებულ საფოსტო მისამართზე.
ხარვეზის მქონე განაცხადი არ მიიღება!
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა არა უგვიანეს ა/წ 1 ივლისისა. ამასთან, რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ამ თარიღის დადგომამდე, თუ 1 ივლისამდე ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის წარმატებით გაივლის რეგისტრაციას 8 გუნდი. რეგისტრაციის დასრულებისა და ყოველი დარეგისტრირებული გუნდის შესახებ ოფიციალურად ცხადდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ვებ-გვერდზე: www.ncadr.tsu.ge.
განაცხადის წარმოდგენის შემდეგ რეგისტრირებული გუნდი კარგავს რეგისტრაციის გაუქმების უფლებას, რადგან ეროვნული კონკურსის ორგანიზებისათვის აუცილებელი წინაპირობაა მასში 8 სტუდენტური გუნდის მონაწილეობა.
ტრენინგისა და ეროვნული კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 577 28 24 36