1.1. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (შემდგომში - NCADR) კერძო მედიაციის პროცესს წარმართავს წინამდებარე პროცედურული წესების შესაბამისად, რომელიც ემყარება მედიაციის სფეროში საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მედიატორთა ეთიკის კოდექსს.
1.2. მხარეები, რომლებიც მონაწილეობენ NCADR-ის მიერ ადმინისტრირებულ კერძო მედიაციის პროცესში, იყენებენ წინამდებარე პროცედურულ წესებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მედიაციის შესახებ შეთანხმებაში მედიაციის მომზადების ეტაპზე მხარეთა და მედიატორთა შორის შეთანხმებულია მედიაციის წარმართვის განსხვავებული წესები.
1.3. NCADR-ს უფლება აქვს უარი განაცხადოს მხარეთა მიერ ინიცირებული ისეთი წესების გამოყენებაზე, შესაბამისად მედიაციის წარმართვაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და NCADR-ის წესებით განმტკიცებულ არსობრივ-პროცედურულ გარანტიებს.
1.4. თუ მხარეები მედიაციის მოსამზადებელ ეტაპზე ეთანხმებიან NCADR-ის მედიაციის წესებს, აღნიშნული წესები იქცევა მხარეთა და მედიატორს/მედიატორებს შორის დადებული შეთანხმების განუყოფელ ნაწილად.
ა) მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, ეს პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით;
ბ) სასამართლო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შემთხვევაში;
გ) კერძო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება მხარეთა ინიციატივით, მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის გარეშე;
დ) მედიაციის მონაწილეები − მედიატორი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები, მესამე პირი;
ე) მედიატორი − მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანახმაა, წარმართოს მედიაცია, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა;
ვ) მედიაციის მხარე − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელიც მეორე მხარესთან დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების მიზნით მონაწილეობს მედიაციის პროცესში;
ზ) მესამე პირი − პირი, რომელიც მხარე არ არის და მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს მედიაციის პროცესში;
თ) მედიაციის თაობაზე შეთანხმება − მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მათ მიერ მედიაციისათვის მიმართვის თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ი) სამედიაციო მორიგება − მედიაციის შედეგად დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების შესახებ წერილობითი დოკუმენტი, რომლის შესრულება სავალდებულოა;
კ) საქართველოს მედიატორთა ასოციაცია − ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს ამავე კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს;
ლ) მედიატორთა ერთიანი რეესტრი − საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ წარმოებული საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრთა საერთო სია.
3.1. კერძო მედიაციის მოთხოვნით NCADR-ს მიმართავს ერთი ან რამდენიმე მხარე ცალმხრივი ან ერთობლივი განაცხადით (იხ. განაცხადის ფორმები NCADR-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე), რომელიც იგზავნება NCADR-ის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (Apply.ncadr@tsu.ge).
3.2. კერძო მედიაციის განაცხადის ფორმის შევსაბამდე მხარემ/მხარეებმა შესაძლებელია მოითხოვონ საინფორმაციო შეხვედრის გამართვა (ფიზიკურ სივრცეში ან დისტანციურად, NCADR-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით) მედიატორთან ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (apply.ncadr@tsu.ge) შესაბამისი წერილის გაგზავნით.
3.3. საინფორაციო შეხვედრაზე განიხილება მედიაციის შესახებ შეთანხმების პირობები მხარეებსა და მედიატორს შორის. საინფორმაციო შეხვედრა შეიძლება დასრულდეს მედიაციის დაწყების ან მასზე უარის თქმის შესახებ NCADR-ის ან მხარეთა გადაწყვეტილებით.
3.4. საინფორმაციო შეხვედრაზე გაჟღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა მხარეები/მედიატორი მედიაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეები და მედიატორები ხელს აწერენ კონფიდენციალურობის შეთანხმებას.
3.5. თუ NCADR-ს მედიაციის შესახებ დათქმის საფუძველზე მიმართავს ერთი მხარე, ხოლო მეორე მხარე უარს აცხადებს მედიაციის დაწყებაზე ( მედიაციის შესახებ დათქმის შესრულებაზე), მედიატორი ერთ-ერთი ან ყველა მხარის მოთხოვნის საფუძველზე გასცემს ცნობას მედიაციაზე თანხმობის/უარის განმცხადებელი მხარის ვინაობის, ასევე მედიაციის ინიცირების თარიღის მითითებით.
3.6. კერძო მედიაციის დასრულების (შეწყვეტა/შეთანხმება) შემდეგ მედიატორი ერთ-ერთი ან ყველა მხარის მოთხოვნით მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასცემს ცნობას მედიაციის დაწყებისა და დასრულების თარიღის/მხარეთა ვინაობის მითითებით.
3.7. მედიატორის მიერ ცნობის გაცემა 3.6 და 3.5. პუნქტებში მითითებული ინფორმაციის შინაარსით, მედიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჩაითვლება კონფიდენციალობის ვალდებულების დარღვევად, არამედ ემსახურება მხარისათვის მედიაციის შესახებ დათქმის შესრულების/შეუსრულებლობისა და ხანდაზმულობის ვადის შეჩერების მტკიცების მიზანს სამართალწარმოების სხვა პროცესებში.
3.8. მედიაციის ცალმხრივად ინიცირების შემთხვევაში, NCADR სხვა მხარეებს უგზავნის მედიაციის ინიცირების შესახებ ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას (არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა) მედიაციის შესახებ თანხმობის მისაღებად.
3.9 იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის არსებობს მედიაციის შესახებ დათქმა, მედიაციის ადმინისტრირების საკითხი და ვადები ხორციელდება აღნიშნული დათქმის შესაბამისად NCADR-ის ადმინისტრირების წესების მაქსიმალური გათვალისწინებით. NCADR-ს შეუძლია უარი თქვას მედიაციის წარმართვაზე თუ მხარეთა მიერ მოთხოვნილი პირობები შეუსაბამოა კანონმდებლობასთან ან NCADR-ის წესებთან.
3.10. მხარეები მედიატორს ირჩევენ NCADR-ის მედიატორების სიიდან მედიაციის პროცესის დაწყებაზე ერთობლივი თანხმობის მიღწევიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. NCADR-ის წევრი მედიატორები არიან სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ერთიანი რეესტრის მოქმედი წევრები.
3.11. თუ მხარეები 3 კალენდარული დღის ვადაში ვერ შეთანხმდნენ მედიატორის კანდიდატურაზე, ამასთან მათ არ აქვთ მედიატორის შერჩევის წესი ურთიერთშეთანხმებით დადგენილი, მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე მედიატორს/მედიატორებს ნიშნავს NCADR დავის არსის, თავისებურების, მხარეთა ინტერესებისა და მედიატორის გამოცდილებასთან დაკავშირებით მხარეთა მოთხოვნების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაქსიმალური გათვალისწინებით.
3.12 თუ მხარეები ვერ თანხმდებიან მედიატორის შერჩევის ერთგვაროვან კრიტერიუმებზე, მედიატორს/მედიატორებს მხარეთა მოთხოვნით ნიშნავს NCADR დავის არსისა და თავისებურების გათვალისწინებით.
3.13. რამდენიმე მედიატორის დანიშვნის საკითხი შეიძლება შეთანხმდეს NCADR-ის ან მხარეთა ინიციატივით და პროცესში მონაწილე ყველა მხარის თანხმობით.
3.14 მედიატორი, რომელიც ეთანხმება მედიაციის პროცესის წარმართვას, წერილობით ადასტურებს მზაობას ჩაერთოს პროცესში ინტერესთა კონფლიქტის აკრძალვის, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, კონფიდენციალობის, თანასწორობის, მხარეთა თვითგამორკვევისა და ნებაყოფლობითობის პრინციპთა დაცვის საფუძველზე მედიაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მედიატორის ეთიკის კოდექსით გათვლისწინებულ ვალდებულებათა შესაბამისად.
3.15. მედიატორის აცილების/თვითაცილების საკითხი წესრიგდება მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მხარეებმა მედიაციის შესახებ შეთანხებით შეიძლება განსაზღვრონ შემდეგი პირობები:
ა) მედიაციის პროცესის მაქსიმალური ვადა და გაგრძელების წინაპირობები;
ბ) მედიატორი/მედიატორების ვინაობა;
გ) მედიაციის პროცესის გარკვეული რაოდენობის სესიებზე დასწრების სავალდებულოობა;
დ) სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი. მხარეები მედიაციის შესახებ შეთანხმებით წინმსწრებად შეიძლება შეთანხდნენ, რომ სამედიაციო მორიგების მიღწევის შემთხვევაში, სამედიაციო მორიგება იქნება სასამართლოს წესით აღსრულებადი და ერთ-ერთ მხარეს ექნება უფლება სამედიაციო მორიგების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
ე) კონფიდენციალურობის დამოუკიდებელი შეთანხმების გაფორმება მედიაციის დაწყების ან დასრულების ეტაპზე კონფიდენციალური ინფორმაციის ფარგლებისა და დარღვევის სამართლებრივი შედეგების განსაზღვრით.
ვ) მედიატორის საზღაური, მედიაციის პროცესის სხვა ხარჯების გადანაწილების წესი.
ზ) კონფიდენციალურობის პირობებისა და დარღვევის შედეგების მესამე პირებზე გავრცელების საკითხი;
თ) მხარის პროცესში უშუალო მონაწილეობის სავალდებულოობა ობიექტური შეუძლებლობით განპირობებული შემთხვევების გარდა.
ი) მედიაციის პროცესის (საერთო და ინდივიდუალური შეხვედრების) ორგანიზების ადგილი, ფორმატი და მათი ცვლილების დასაშვებობა დავის გარემოებებისა და მხარეთა საჭიროებების შესაბამისად.
კ) სამედიაციო მორიგების ნებაყოფლობით შეუსრულებლობისა თუ მის აღსრულებაზე სასამართლოს მიერ უარის გაცხადების შემთხვევაში, საწყის სამართლებრივ მოთხოვნებზე სასამართლო დავის ინიცირების შესაძლებლობა, მიუხედავად სამედიაციო მორიგების პირობებისა კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში.
ლ) მედიაციის პროცესის წარმოების ენა და საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის ჩართვის/შერჩევის შესაძლებლობა.
მ) სხვა საკითხები მხარეთა ინტერესების შესაბამისად.
5.1. მედიაციის მომსახურების ხარჯები მოიცავს მედიაციის პროცესის ადმინისტრირებისთვის განსაზღვრულ ფიქსირებულ თანხას, მედიაციის პროცესის წარმართვისათვის აუცილებელ სხვა ხარჯებს (მაგ. მედიატორის სხვა ქალაქში მგზავრობის, სასტუმროს ხარჯები) ობიექტური საჭიროებების გათვალისწინებით და მედიატორის საზღაურს, რომელიც დგინდება NCADR-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ncadr.tsu.ge) გამოქვეყნებული სატარიფო სისტემის შესაბამისად.
5.2. მედიატორის საზღაურის გამოთვლის წესი მხარეებთან უნდა შეთანხდეს მედიაციის პროცესის დაწყებამდე, რომელიც შეიძლება განისაზღვროს NCADR-ისა და მხარეთა ურთიერთშეთანხმებით სატარიფო სისტემით დადგენილ ფარგლებში საქმის სირთულის, მხარეთა რაოდენობის და სხვა რელევანტური გარემოებების შესაბამისად.
5.3. მედიატორის საზღაური განისაზღვრება მედიატორის მიერ ფაქტობრივად დახარჯული დროის შესაბამისად საათობრივი ანაზღაურების წესით.
5.2 მედიაციის ხარჯები მხარეთა შორის ნაწილდება თანაბრად თუ მედიაციის შესახებ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მედიაციის პროცესში საკუთარ ხარჯებს მხარეები თავად ფარავენ (მაგალითად, ადვოკატი ან იურისტი წარმომადგენლის ხარჯები).
5.3. მხარეები არ იხდიან მედიაციის ფართით სარგებლობის ხარჯს თუ სამედიაციო პროცესი მიმდინარეობს NCADR-ის მიერ განსაზღვრულ სამედიაციო სივრცეში. თუ მხარეთა მიერ მედიაციის სესიებისათვის შემოთავაზებულია სხვა ადგილი, მაშინ ფართის გამოყენების საფასურს დაფარავენ თავად მხარეები მათი შეთანხმების პროპორციულად.
5.4. მედიაციის პროცესის დაწყებამდე NCADR-ის მიერ განისაზღვრება მხარეთა მიერ წინასწარ გადასახდელი საგარატიო თანხა, რომელიც მოიცავს დავის ადმინისტრირების ფიქსირებულ გადასახადს, მედიატორის ანაზღაურების ნაწილს, სხვა ხარჯებს (არსებობის შემთხვევაში) რომელსაც მხარეები რიცხავენ NCADR-ის მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე მედიაციის შეთანხმებით ან აღნიშნული წესებით განსაზღვრული თითოეული მხარის პროპორციული წილის შესაბამისად.
5.4. წინასწარ გადასახდელი თანხის შესახებ მხარეთათვის ინფორმაციის წარგენის დღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში გადაუხდელობის (ერთ-ერთი ან ყველა მხარის მიერ) შემთხვევაში, მედიაციის პროცესი არ დაიწყება და საქმისწარმოება შეწყდება. ერთ-ერთ მხარეს უფლება აქვს სრულად დაფაროს მეორე მხარის მიერ გადასახდელი საფასური პროცესის დაწყების სურვილის გათვალისწინებით.
5.5. წინასწარ გადასახდელი თანხის დაფარვის შემდეგ, მედიაციის პროცესი იწყება.
5.6. მედიაციის პროცესის დასრულების (შეთანხმების/შეწყვეტის) შემდგომ მხარეებს ეცნობებათ მედიაციის მომსახურების საბოლოო ანგარიშსწორების თანხის ოდენობა შეტყობინების ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში დაფარვის მიზნით. შეტყობინებას თან უნდა ერთვოდეს სესიების ხანგრძლივობის ამსახველი მხარეთა მიერ ხელმოწერილი უწყისები.
5.7. ამ წესებით დადგენილი ვადის ათვლა იწყება იმ რიცხვის მომდევნო დღიდან, როდესაც მხარეს/წარმომადგენელს ჩაბარდა NCADR-ის შეტყობინება ელექტრონული პოსტის, რეგულარული ფოსტის საშუალებით ან პირადად.
6.1. მედიატორი უძღვება პროცესს მედიაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და მედიატორის ეთიკის კოდექსით გამტკიცებული წესების დაცვით.
6.2. მხარეთა თვითგამორკვევისა და ნებაყოფლობითობის პრინციპის განხორციელება თანაზომიერად უნდა დაბალანსდეს მედიაციის სხვა პრინციპებთან, ასევე მართლზომიერი და აღსრულებაუნარიანი შეთანხმების მიღწევის მიზანთან.
6.3. მედიატორმა პროცესის წარმართვისას უნდა უზრუნველყოს მხარეებისათვის თანაბარი პროცედურული შესაძლებლობების მინიჭება, რათა მხარეებს ჰქონდეთ თანაბარი დრო და ხელმისაწვდომობა ინფორმირებული და თვითგამორკვევაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად.
6.4. მედიაციის დაწყების შემდეგ მედიაციის შესახებ შეთანხმებით გაუთვალისწინებელი პროცესუალური ხასიათის საკითხები (პროცესზე დამსწრე პირები, შეხვედრის ფორმატი, დრო, ადგილი და სხვ.) წყდება მედიატორის მიერ მხარეებთან შეთანხმებით მედიაციის პრინციპებისა და მხარეთა საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის დაცვით.
6.5. მედიაციის სესიების დაგეგმვა ხორციელდება მედიატორის მიერ მხარეთა სურვილის მაქსიმალური გათვალისწინებით იმ პირობით, რომ თავიდან იქნეს აცილებული პროცესის გაჭიანურება მედიაციის ეფექტიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად. მედიაცია უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ მხარეებს ჰქონდეთ საკმარისი დრო ინფორმირებული, ნებაყოფლობითი და თავისუფალი გადაწყვეტილების მისაღებად.
6.6. მედიაციის პროცესი წარიმართება საერთო და ინდივიდუალური შეხვედრების ფორმატში. მედიატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში ცალ-ცალკე შეხვდეს მხარეებს, წარმომადგენლებს, მესამე პირებს თვითგამორკვევისა და მხარეთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშესაწყობად.
6.7. მედიატორის ნებისმიერი პროცედურული გადაწყვეტილება მიიღება პროფესიული ეთიკისა და კანონმდებლობის ფარგლებში, რაც მოტივირებული უნდა იყოს მხარეთა საუკეთესო ინტერესებისა და მედიაციის პრინციპების განხორციელების, პროცესის ეფექტიანობისა და მისი კომპეტენტური წარმართვის უზრუნველსაყოფად.
6.8. მედიატორმა შეიძლება წაახალისოს იმ მესამე პირთა ჩართვა პროცესში, რომელთაც შეიძლება ხელი შეუწყონ მხარეთა თვითგამორკვევას და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. მესამე პირები ხელს აწერენ კონფიდენციალურობის შეთანხმებას.
6.9. მხარეები მედიაციის პროცესში მონაწილეობენ კეთილსინდისიერი მოლაპარაკების პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს აქტიურ თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესების განხორციელების ხელშესაწყობად, მრავალმხრივი ალტერნატივების დამუშავებას, ობიექტური ინფორმაციის გაცვლასა და ორმხრივად სასარგებლო შეთანხმების მიზნის ხელშეწყობას.
6.10. ადვოკატი/იურისტი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყონ მხარეთა საერთო ინტერესების გამოკვეთას და თავსებადი ინტერესების ამსახველი ალტერნატივების შემუშავებას.
6.11. ადვოკატი/იურისტი წარმომადგენლები მხარს უნდა უჭერდნენ როგორც საუკეთესო სამართლებრივი, ისე მხარეთა სხვა პრიორიტეტული ინტერესების განხორციელებას.
6.12. მედიატორი ვალდებულია, წაახალისოს ადვოკატი/იურისტი წარმომადგენლების მიერ საქმის სამართლებრივი პერსპექტივის ობიექტური შეფასება, მოლაპარაკების არეალის გამოკვეთისა და მხარეთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშესაწყობად.
6.13. მედიატორს არ შეუძლია პირადად უზრუნველყოს თითოეული მხარის თვითგამორკვევა, მათ მიერ თავისუფალი და დასაბუთებული არჩევანის გაკეთება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღწევად, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მედიატორმა უნდა შეახსენოს მხარეებს სხვა პროფესიონალების დამატებითი კონსულტაციის მნიშვნელობის თაობაზე, რათა მათ დასაბუთებული არჩევანი გააკეთონ.
6.14. მედიატორმა, როგორც წესი, უნდა მოითხოვოს პროცესში მხარის უშუალო მონაწილეობა, რაც მოტივირებულია თვითგამორკვევის და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშესაწყობის მიზნით.
6.15. მხარეები ვალდებულნი არიან დაესწრონ მედიატორის მიერ გამართულ სამედიაციო სესიებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაუდებელი ობიექტური გარემოება შეუძლებელს ხდის სამედიაციო სესიაზე მათ დასწრებას.
6.16. მხარეები ვალდებულნი არიან ურთიერთპატივისცემის პრინციპით ითანამშრომლონ შეთანხმების მიღწევის ხელშესაწყობად, არ შეაწყვეტინონ პროცესის სხვა მონაწილეებს საუბარი, წარადგინონ სიტყვა მათთვის განსაზღვრულ დროს სადავო საკითხების გამოსარკვევად, ჰქონდეთ განსხვავებული აზრის მიმღებლობა, გამოავლინონ პროცესის მიმართ პატივისცემა ორმხრივი ინტერესების აღიარებით.
6.17. მედიატორსა და პროცესის მონაწილეებს შორის კომუნიკაცია წარიმართება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ასევე სატელეფონო/დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით მოლაპარაკების ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე.
6.18. მედიაციის პროცესში შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტაცია ნადგურდება მედიაციის პროცესის დასრულების შემდგომ.
6.19. NCADR-ში დაცულად უნდა ინახებოდეს ის ინფორმაცია, რომელიც მედიაციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნიდან გამომდინარე, საჭიროა მედიაციის დაწყების ან/და დასრულების შესახებ, მედიაციაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ მედიატორის მიერ ცნობის გასაცემად.
6.20. პროცესის მიმდინარეობისას დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა მიერ აუდიო ან ვიდეო ჩანაწერების წარმოება, რამეთუ კონფიდენციალურობის პრინციპის საკანონმდებლო გარანტიების ძალით მსგავსი ჩანაწერები ვერ იქნება გამოყენებული მტკიცებულებად სამართლაწარმოების თუ დისციპლინური წარმოების პროცედურებში.
6.21. მედიაციის პროცესთან დაკავშირებული ამ წესებით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საკითხი (კონფიდენციალურობა, პროცესის შეწყვეტის საფუძვლები და სხვ.) წესრიგდება მედიაციის შესახებ საქართველოს კანონისა და მედიატორის ეთიკის კოდექსის შესაბამისად.
7.1. მხარეთა და NCADR-ის ურთიერთშეთანხმებით მედიაციის პროცესი სრულად ან შერეულად (ნაწილობრივ) შესაძლებელია წარიმართოს როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით.
7.2. დისტანციულ პლატფორმაზე ოფიციალურ წვდომას უზრუნველყოფს NCADR.
7.3. დისტანციური პლატფორმის გამოყენების ტექნიკური ინსტრუქცია (პლატფორმის გამოყენების წესები, კერძო შეხვედრების ორგანიზება, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის საკითხები მედიატორისა და პროცესის სხვა მონაწილეთა მხრიდან და სხვ.) მხარეებს/წარმომადგენლებს/მესამე პირებს ეცნობებათ მედიაციის პროცესის დაწყებამდე კერძო სამედიაციო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე.
7.4. შესაძლებელია პროცესის მონაწილეებთან მედიაციის დაწყებამდე წინასწარ მოხდეს სატესტო/მოსამზადებელი შეხვედრის გამართვა ტექნიკურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების შესათანხმებლად.
7.5. ონლაინ მედიაციის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, პროცესის თითოეულმა მონაწილემ დისტანციური ჩართვის დროს უნდა უზრუნველყოს სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტ წვდომა, ვიდეო გამოსახულებისა და ხმის გააქტიურება, კონფიდენციალური სივრცის არსებობა, საიდანაც განხორციელდება ჩართვა.
7.6 NCADR/მედიატორი არ არის პასუხისმგებელი დისტანციური პლატფორმის დაცულ ფუნქციონირებასა და დაცულობაზე, ჰაკერული თავდასხმით გამოწვეულ ზიანზე.
7.7. პროცესის მონაწილე ყველა პირი დისტანციური პლატფორმის გამოყენებით ნაგულისხმევად ეთანხმება და იღებს პასუხისმგებლობას ფლატფორმის ტექნოლოგიურ რისკებზე, რომელიც არ არის გამოწვეული მედიატორის მხრიდან პლატფორმის ადმინისტრირების ხარვეზებით.
8.1. NСADR უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები მედიაციის წინამდებარე წესებში, რომელიც გავრცელდება მხოლოდ ამ ცვლილებების განხორციელების შემდგომ წარმოწყებულ კერძო მედიაციის პროცესზე.
8.2. აღნიშნული წესებისგან განსხვავებული პირობები შეიძლება დადგინდეს მხარეებსა და მედიატორს შორის მედიაციის შესახებ შეთანხმებით, რომელსაც ენიჭება უპირატესობა მედიაციის წინამდებარე წესებთან შედარებით.