ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მაგისტრატურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს გააცნოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების - მედიაციის როლი დავის მოგვარების პროცესების ჯაჭვში, მისი უპირატესობები დავის გადაწყვეტის სხვა ფორმალურ ტიპებთან მიმართებით (ე.წ. ADR Continuum), მედიაციის საფუძვლები და ფუნდამენტური პრინციპები, მედიაციის სამართლებრივი რეგულირების ჩარჩო, მედიატორის სტილი, ხელშემწყობი, ,,ფასილიტაციური“ მედიაციის წარმართვისა და კომუნიკაციის წახალისების საბაზისო უნარ-ჩვევები, მედიაციის პროცესის ფაზები და მედიატორის მიერ შესატყვისი პროცესუალური მექანიზმების გამოყენება, მხარეებთან მედიატორის კერძო შეხვედრების ბუნება, მისი გამოყენების დროის განსაზღვრა, მედიატორის აქტივობა კერძო შეხვედრების დროს და აღნიშნულ პროცესში სახელმძღვანელო პრინციპები. 

მედიატორის ფუნდამენტური ეთიკური მოვალეობები მხარეთა და პროცესის მიმართ: ადვოკატ-მედიატორის მიერ საკუთარი როლის მხარეთათვის განმარტების მოვალეობა, პროცესის სამართლიანობის უზრუნველყოფა და თანაბარი მოპყრობა, გულმოდგინება და კომპეტენცია, კონფიდენციალურობა, შესაძლო ინტერსთა კონფლიქტის გამოკვლევა, წარმომადგენლობის შეზღუდვა, მომსახურების საფასურის სამართლიანი განსაზღვრა, მედიაციის შეთანხმების შედგენის უფლებამოსილება და მისი ფარგლები;  მედიატორის პროფესიული როლი - მედიაციის ინსტიტუტის ეთიკური ურღვევობის დაცვა, მედიატორის პასუხისმგებლობა მედიაციის სამართლიან შედეგზე, მედიაციის შეწყვეტის დისკრეციული უფლებამოსილება/ვალდებულება.  

კურსის მიზანია, ასევე სტუდენტებისათვის დავათა მშვიდობიანი გადაჭრის მეთოდებიდან მედიაციის შერჩევის კრიტერიუმების, არსობრივ-პროცედურული უპირატესობების განსაზღვრის სწავლება; კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების შესწავლა და მისი გადაწყვეტისათვის ალტერნატიული გზების მოძიების უნარის განვითარება; მედიაციის თემაზე კვლევის წარმართვის, მისი პრეზენტაციისა და მედიაციის სწავლების უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის მეთოდის სწავლება და მედიატორის უნარ-ჩვევების გამომუშავება განხორციელდება ნაციონალური და ინტერნაციონალური სისტემების სასერტიფიკატო სწავლების პროგრამის, მოდელებისა და გამოცდილების შესაბამისად.

დავათა ალტერნატიული მოგვარების მექანიზმების დანერგვა სამართლებრივ და ზოგადად სახელმწიფო სისტემაში დემოკრატიულობის გამოხატულებაა, რომლის საფუძველზე მხარეებს საკუთარი ინტერესების იდენტიფიცირებისა და გაანალიზების,  ნაკლები ხარჯებითა და თავისუფალი ნებით კონფლიქტის გადაჭრის შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში და სამოქალაქო სამართლებრივ სისტემაში კონფლიქტის გადაწყვეტის ტრადიციული მიდგომები სწრაფად იცვლებოდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებათა საჭიროების ზრდის კვალდაკვალ. უფრო მეტიც, თანამედროვე მსოფლიოში დავის გადაწყვეტის არაფორმალური საშუალებები უპირატესი ინსტრუმენტია სამართლებრივ დავათა გადაწყვეტაში. მსოფლიოს მასშტაბით სასამართლოებს სასამართლო სისტემაში არსებულ დავებთან მიმართებით არა ერთხელ მიეცათ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების  ეფექტურობის აღმოჩენის შესაძლებლობა.

საქართველოშიც სასამართლო და ნებაყოფლობითი მედიაციის იმპლემენტაციის, მედიაციის ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავების კვალდაკვალ, იურიდიული მომსახურების სააგენტოებში, ადვოკატთა ასოციაციებში, სანოტარო ბიუროებში, იუსტიციის სისტემაში, სასამართლოებსა და ADR-ის განმახორციელებელ სხვა ინსტიტუციებში თანდათან იზრდება მოთხოვნა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში დამატებითი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებზე, რომლებიც ფლობენ ეფექტური მოლაპარაკების წარმართვისა და კომუნიკაციის ხელშეწყობის უნარ-ჩვევებს დავის მონაწილე მხარეთა მორიგების მიზნით.  

სახელმწიფოსა და განათლების სისტემის მიზანია ისეთი სასწავლო პროგრამების ფორმირება, რომელიც ახალ, დემოკრატიულ ღირებულებებზე, საზოგადოების ინტერესებსა და მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული. აქედან გამომდინარე, თანამედროვე მოთხოვნების საპასუხოდ, წინამდებარე კლინიკის დანერგვა საგანმანათლებლო კურიკულუმში უმნიშვნელოვანესია.

ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობაა. აღნიშნული, დავის გადაწყვეტის არაფორმალური საშუალებებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების წევრებისათვის. აღნიშნული კურსის დანერგვა საფუძველს ჩაუყრის მომავალ თაობას მომზადებული შეხვდეს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებს და მოახდინოს მიღებული უნარ-ჩვევების რეალიზება დავების გადაწყვეტის სწრაფ, კრეატიულ და არაფორმალურ პროცესებში. 

კურსი მნიშვნელოვნად სასარგებლოა იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ მომავალში საქმიანობა იუსტიციის სისტემის იმ სექტორში, რომლის მიზანია დავათა მოგვარება, ADR-ის სახელმწიფო პროვაიდერ ორგანიზაციებში, კერძო სექტორის ინსტიტუციებში, იურიდიულ ფირმებსა და სანოტარო ბიუროებში მედიატორის სტატუსით.
მედიაციის კლინიკის ფარგლებში ხორციელდება მართლმსაჯულებისადმი შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უფლება კერძო მედიაციის მომხმარებლებისათვის ინდივიდუალური შრომითი დავების მიმართულებით. მედიაციის კლინიკა ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს პრო ბონო მომსახურებას კერძო მედიაციის ფარგლებში 7 ინდივიდუალურ შრომითსამართლებრივ დავაზე.  

მედიაციის კლინიკა თსუ-იუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ბაზაზე და მიზნად ისახავს სტუდენტთა მომზადებას პროფესიული პრაქტიკის ახალი მიმართულების - სამედიაციო საქმიანობისათვის. ერთი მხრივ, პროგრამა უზრუნველყოფს იურისტისთვის მედიაციის პროცესში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გაძლიერებას, მეორე მხრივ მედიატორის მიერ პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. კლინიკის პროგრამა მოიცავს როგორც მედიატორის, ასევე მედიაციაში წარმომადგენლის მონაწილეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას როგორც სიმულაციურ, ისე სამედიაციო პრაქტიკის ფარგლებში. 
პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებისგან.
 თეორიული კომპონენტის ფარგლებში სტუდენტი გაეცნობა მედიაციის ინსტიტუტის არსებულ საკანონმდებლო მოწესრიგებას, მედიაციის ფორმებს, მედიატორისა და   წარმომადგენლის მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივ საფუძვლებს, მედიაციის პროცესში მონაწილე პირთა, მედიატორის, ასევე იურისტ-წარმომადგენლის ეთიკურ ვალდებულებებს,  მედიაციისათვის კლიენტის მომზადების მიზნით კონსულტირების წარმართვისთვის აუცილებელ პროცედურულ მექანიზმებს. სტუდენტი შეისწავლის მედიაციის პროცესის ძირითადი ფაზების თეორიულ საფუძვლებს, მედიატორისა და იურისტ-წარმომადგენლის მიერ პროცესის ცალკეულ სტადიაზე პროცედურული მექანიზმების, სტრატეგიის და ტაქტიკის გამოყენების სტრატეგიას, წარმომადგენლობის გეგმის შედგენას, კლიენტის კონსულტირებას დავის ალტერნატიული გადაწყვეტის პროცესების არსობრივ-პროცედურული მახასიათებლებისა და შედარებითი უპირატესობების თაობაზე. კლინიკის სასწავლო პროგრამა შეესაბამება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დადგენილ მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამის სავალდებულო შინაარსობრივ მოთხოვნებს:
*კონფლიქტი და მისი მართვა.
*მედიაცია და დავის გადაწყვეტის სხვა პროცესები, მათი ურთიერთმიმართება.
*მედიციის არსი, პრინციპები და მედიატორის როლი.
*ეფექტიანი კომუნიკაციის ტექნიკა: აქტიური მოსმენა (პერეფრაზი, შეჯამება, რეფორმულირება, ემოციებზე გამოხმაურება, სხეულის ენა, კითხვები).
*პოზიციებისა და ინტერესების გამიჯვნა. ინტერესების გამოკვლევის მნიშვნელობა. სხვადასხვა სახის ინტერესები (ეკონომიკური/მატერიალური, პირადი/ემოციური/არა-მატერიალური, პროცესუალური).
*მოლაპარაკების ტიპები. მოლაპარაკებისას მხარეთა ალტერნატივების განხილვის მნიშვნელობა (ე.წ. BATNA - სამედიაციო მორიგების საუკეთესო ალტერნატივა). შესაძლო „მორიგების ზონის“ (ე.წ. ZOPA - შესაძლო მორიგების ზონა) იდენტიფიცირება და ეფექტიანი მართვა. რეალობის ტესტი.  
*მედიაციის ფაზები (მომზადება, გახსნა, გამოკვლევა, „ვაჭრობა“, დასრულება). თითოეული ფაზის მიზანი, პროცესის მონაწილეების როლი, ძირითადი ტექნიკები და რისკები.
*წარმომადგენლის როლი მედიაციაში.
*ჩიხი მედიაციაში და ეფექტიანი რეაგირების ხერხები. 
*ინდივიდუალური (კერძო) და საერთო შეხვედრები. 
*მედიაციის სამი განზომილება: პროცესი, ადამიანები, არსი (პრობლემა). მედიატორის როლი და მის მიერ გამოსაყენებელი ტექნიკები თითეულ განზომილებასთან მიმართებით. 
*ეთიკური გამოწვევები და სტანდარტები მედიაციაში. 
*მედიაციის სამართლებრივი რეგულირების ჩარჩო. მედიაციის წარმართვისა და მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების აღსრულების პროცესუალური და პრაქტიკული ასპექტები. 

კლინიკის პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში სტუდენტი ერთი მხრივ მედიაციის პროცესის სიმულაციებში ჩართულობით გამოიმუშვებს პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევებს მედიატორისა და წარმომადგენლის სტატუსით პროცესში მონაწილეობის მიზნებისთვის. კლინიკის დატვირთვის ძირითადი ნაწილი ეთმობა სწორედ მედიაციის პროცესის როლურ სიმულაციებში სტუდენტის პრაქტიკულ მონაწილეობას როგორც მედიატორის, ისე წარმომადგენლის სტატუსით. სტუდენტი  განავითარებს თანამედიაციის (co-mediation) წარმართვის უნარ-ჩვევებს და პროცედურულ მექანიზმებს, სტრატეგიებს. 

სტუდენტი ფასდება მედიაციის პროცესის სიმულაციებში მონაწილეობით. ის  უზრუნველყოფს საკუთარი და ჯგუფის წევრების პროცესში ჩართულობის, უნარ-ჩვევების წერილობით და სიტყვიერ შეფასებას. სტუდენტთა თვითშეფასება მათი შეფასების ერთ-ერთი ფორმაა.  შეფასების მიზნისთვის კლინიკის წევრი მაგისტრანტი ასევე ამზადებს ერთ პრეზენტაციას მედიაციის თემაზე და ახდენს მის ზეპირსიტყვიერ დაცვას ჯგუფის წევრებთან. კლინიკის ფარგლებში ხორციელდება განმავითარებელი უკუგების განხორციელების პრინციპების შესწავლა. მედიატორის კომპეტენციების შეფასება ხორციელდება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული მედიატორთა კომპტენციების ჩარჩოს შესაბამისად (იხ. დანართი 1). მედიაციაში წარმომადგენლის უნარ-ჩვევები ფასდება წარმომადგენლის კომპეტენციების სისტემის შესაბამისად (იხ. დანართი 2).

გარდა სიმულაციური პრაქტიკისა, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მედიაციის მოსამზადებელ ეტაპსა და თავად მედიაციის პროცესში მხარის წარმომადგენლების სტატუსით.  სტუდენტები სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრ მედიატორთან, კლინიკის ხელმძღვანელთან ერთად წარმართავენ კერძო მედიაციის საინფორმაციო შეხვედრას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კერძო მედიაციის მოთხოვნით მიმართეს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრს. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში მხარეებს განემარტებათ მედიაციაში მოქმედი პროცედურული წესები, მედიაციის წარმართვის პრინციპები, ეთიკური საფუძვლები და მედიციის შესახებ შეთანხმების ნამდვილობის პირობები. საინფორმაციო შეხვედრა შეიძლება დასრულდეს მედიაციის პროცესის დაწყების ან მასზე უარის თქმის შესახებ მხარეთა გადაწყვეტილებით. მედიაციის პროცესის დაწყების თაობაზე მხარეთა გადაწყვეტილება ფორმდება მედიაციის შესახებ შეთანხმების წერილობითი გაფორმებით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი. 

თუ მხარეს არ ყავს წარმომადგენელი, მაგისტრანტები ახორციელებენ შესაბამისი მხარის სამართლებრივ კონსულტირებას მედიაციის პროცესში ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით ან/და მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში, ახდენენ მედიაციის  პროცესში მხარის წარმომადგენლობას მედიაციაში წარმომადგენლობის გეგმის შედგენის საფუძველზე.

მედიაციის პროცესში მაგისტრანტის მიერ მხარის წარმომადგენლობა შეიძლება განხორციელდეს როგორც დავის საგანზე მხარის ერთჯერადი კონსულტირების, ისე პროცესში მხარის სრული წარმომადგენლობის ფარგლებით.  წარმომადგენლობა ფორმდება შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. 

მედიაციაში მხარის  წარმომადგენელი ხელს აწერს კონფიდენციალურობის შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრება მედიაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და მათი დარღვევის სამართლებრივი შედეგები. წარმომადგენელს ეკისრება მხარის ინფორმირების,  მოლაპარაკების კეთილსინდისიერად წარმართვის, მხარის საუკეთესო (მ/შ არასამართლებრივი) ინტერესების გამოკვლევის, ორმხრივი ინტერესების იდენტიფიცირებისა და განხორციელების, მხარის თვითგამორკვევის პრინციპის  ხელშეწყობის, სამართლებრივი საკითხების ობიექტური ანალიზის, საქმის სამართლებრივი პერსპექტივის ობიექტური  შეფასების, მოლაპარაკების არეალის გამოკვეთის, ინოვაციური და ორმხრივ ინტერესებზე მორგებული ალტერნატივების შემუშავების და მხარეთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მოვალეობა.

მედიაციის პროცესში  კლინიკის მონაწილე სტუდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენელი. დაუშვებელია მედიაციის კლინიკის რამდენიმე სტუდენტის მიერ ერთი და იმავე მედიაციის პროცესში სხვადასხვა მხარეების წარმომადგენლობა ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის მიზნით. 

 

კურსის ფარგლებში სწავლება განხორციელდება ლექციის, როლურ გათამაშებათა ორგანიზების, მათი სიტყვიერი შეფასებების, ვიდეო-პრეზენტაციებისა და მათი ზეპირი/წერილობითი კომენტირების, მედიაციის წერილობითი მოხსენების ზეპირი პრეზენტაციისა და ჯგუფური განხილვების, გუნდური მუშაობის სხვა მეთოდების გამოყენებით, რომელთა საფუძველზეც სტუდენტებს უვითარდებათ მოლაპარაკებისა და მედიაციის წარმართვის, ასევე ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.  მედიაციის კლინიკის პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ სტუდენტს მოეთხოვება შესრულებული სამუშაოს ანგარიშის მომზადება და საჯარო დაცვა მედიაციის საქმეთა იდენტიფიცირების გარეშე კონფიდენციალურობის პრინციპის სრული დაცვით. 

როლური თამაშები სასემინარო მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი ახორციელებს მედიაციის წარმართვისა და ეფექტური მოლაპარაკების უნარების გამომუშავებას. ჯგუფის სხვა წევრთა და საკუთარი როლური დემონსტირების დეტალური შეფასება სტუდენტის ჟურნალში წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად უზრუნველყოფს შენიშვნების ძიებისა და მათი გათვალისწინების უნარის განვითარებას. მედიაციის ცალკეულ თემეზე პრეზენტაციის მომზადებითა და დემონსტრირებით სტუდენტი გამოიმუშავებს მიღებული ცოდნის წერილობითი და ზეპირი ფორმით სათანადო წარმოჩენისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს.

სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ სტუდენტს ექნება მედიაციის ფუნდამენტური პრინციპების, ეთიკური საფუძვლების შესახებ ცოდნა და მათი ეფექტური  გამოყენების უნარი. კლინიკის გავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება
•    დაინტერესებული პირისთვის საქმის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით რჩევის მიცემის მიზნით კვლევის წარმართვა და განსხვავებული გადაწყვეტისაკენ მიმართული ალტერნატიული სტრატეგიის გამოკვეთა
•    დავათა მოგვარების სფეროში თეორიული ცოდნის გამოყენება დავის პროცესში, მის დინამიკასა და პოსტ-კონფლიქტურ ეტაპზე.
•    დავის გადაწყვეტის სათანადო, ადეკვატური მეთოდის იდენტიფიცირება და შედეგიანი გამოყენება. 
•    დავის ალტერნატიული გადაწყვეტის კონცეფტუალური პრინციპებისა და წესების მიღმა საზოგადოებრივი ინტერესებისა და ღირებულებების იდენტიფიცირება
•    მრავალრიცხოვანი ფაქტებიდან მნიშვნელოვანი საკითხებისა და მხარეთა რეალური ინტერესების იდენტიფიცირება და მათი განხორციელების მხარდაჭერა
•    დავის ალტერნატიული გადაწყვეტის უცხოური სისტემების  მოდელების შესახებ ცოდნის გამოყენება
•    საკითხების სწორი კატეგორიზაცია მოლაპარაკების სტრუქტურირებისა და წარმოებისათვის; 
•    შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების  მოსალოდნელი  შინაარსის პროგნოზირება.
•    დავის გადაჭრის პროცესში წამოჭრილი განსახილველი საკითხების იდენტიფიცირება  და კრეატიული ალტერნატივებისა  და გზების წახალისება მხარეთა მიერ მათ გადასაჭრელად.
•    წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარის დემონსტრირება
•    პროფესიის ეთიკური ფარგლების ცოდნა და სოციალური პასუხისმგებლობის შეგნება.
•    განსხვავებებისა და კულტურული მრავალფეროვნების დაფასებისა და პატივისცემის დემონსტრირება
•    დავის შეთანხმებით დასრულების მიზნით კონფლიქტის მართვის სხვადასხვა რელევანტური მეთოდისა და სტრატეგიის გამოყენება.
•    სახელმწიფოსა თუ ინდივიდების მხრიდან კონკრეტულ დავაზე ზემოქმედების შესაძლებლობის გაზომვა  და შეფასება
•    პრობლემების იდენტიფიცირება, დასმა და კლიენტის კონსულტირება მათ ეფექტიანად გადასაწყვეტად
•    ცოდნის მუდმივი განახლება
•    ახალი იდეების გენერირება (შემოქმედებითობა)
•    სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება, გადამუშავება და ანალიზი
•    ობიექტური თვითშეფასება და თვითკრიტიკა
•    გუნდური და ჯგუფში მუშაობა
•    ადამიანებთან ურთიერთობისა და ურთიერთქმედების/¬დიალოგის წარმოების უნარის სათანადო გამოყენება.
•    კონფლიქტურ სიტუაციაში კლიენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად მოქმედება
•    დროის დაგეგმვა და მართვა
•    პრაქტიკულ საქმიანობაში თეორიული ცოდნის შედეგიანი გამოყენება
•    პრობლემის გადასაწყვეტად მსგავს საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის ობიექტური მონაცემების მოძიება, განმარტება და კლიენტისათვის საქმის მოსალოდნელი შედეგის (რეალობის ტესტი) პროგნოზირება
•    განსხვავებული აზრის მიმღებლობა 
•    კონფლიქტების მრავალმხრივი ხედვა/შეფასება და მათი კრიტიკული ანალიზი
•    დავის გადაწყვეტის მექანიზმების გამოყენების პროცესში საზოგადოებრივი ინტერესებისა და ღირებულებების, პოლიტიკური, სოციალურ–ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინება
•    საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება,  კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ მოქმედება წარმოდგენილ პირთა ინტერესების დაცვის პროცესში.
•    კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება.
•    კომპლექსური ამოცანების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში დამოუკიდებლად მოქმედება.
•    შენიშვნების ძიება და გათვალისწინება
•    საკუთარი ქმედების საპასუხო რეაქციის პროგნოზირებისა და ხელსაყრელად გამოყენების უნარი
•    ფაქტების ანალიზი, შეჯამება და დასკვნის გაკეთება
•    ზეპირი და წერილობითი ფორმით ცოდნის დამაჯერებლად და დასაბუთებულად წარმოჩენის უნარი
•    შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი
•    დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების,  პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეების მიდევნებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი