ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

მედიაციის კლინიკის პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში სტუდენტები სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრ მედიატორთან, კლინიკის ხელმძღვანელთან ერთად წარმართავენ კერძო მედიაციის საინფორმაციო შეხვედრას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც კერძო მედიაციის მოთხოვნით მიმართეს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრს. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში მხარეებს განემარტებათ მედიაციაში მოქმედი პროცედურული წესები, მედიაციის წარმართვის პრინციპები, ეთიკური საფუძვლები და მედიციის შესახებ შეთანხმების ნამდვილობის პირობები. საინფორმაციო შეხვედრა შეიძლება დასრულდეს მედიაციის პროცესის დაწყების ან მასზე უარის თქმის შესახებ მხარეთა გადაწყვეტილებით. მედიაციის პროცესის დაწყების თაობაზე მხარეთა გადაწყვეტილება ფორმდება მედიაციის შესახებ შეთანხმების წერილობითი გაფორმებით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები და მედიატორი. 

 

თუ მხარეს არ ყავს წარმომადგენელი, მაგისტრანტები ახორციელებენ შესაბამისი მხარის სამართლებრივ კონსულტირებას მედიაციის პროცესში ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით ან/და მხარეთა მოთხოვნის შემთხვევაში, ახდენენ მედიაციის  პროცესში მხარის წარმომადგენლობას მედიაციაში წარმომადგენლობის გეგმის შედგენის საფუძველზე.

მედიაციის პროცესში მაგისტრანტის მიერ მხარის წარმომადგენლობა შეიძლება განხორციელდეს როგორც დავის საგანზე მხარის ერთჯერადი კონსულტირების, ისე პროცესში მხარის სრული წარმომადგენლობის ფარგლებით.  წარმომადგენლობა ფორმდება შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე. 

 

 

მედიაციაში მხარის  წარმომადგენელი ხელს აწერს კონფიდენციალურობის შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრება მედიაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება და მათი დარღვევის სამართლებრივი შედეგები. წარმომადგენელს ეკისრება მხარის ინფორმირების, მოლაპარაკების კეთილსინდისიერად წარმართვის, მხარის საუკეთესო (მ/შ არასამართლებრივი) ინტერესების გამოკვლევის, ორმხრივი ინტერესების იდენტიფიცირებისა და განხორციელების, მხარის თვითგამორკვევის პრინციპის  ხელშეწყობის, სამართლებრივი საკითხების ობიექტური ანალიზის, საქმის სამართლებრივი პერსპექტივის ობიექტური  შეფასების, მოლაპარაკების არეალის გამოკვეთის, ინოვაციური და ორმხრივ ინტერესებზე მორგებული ალტერნატივების შემუშავების და მხარეთა მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მოვალეობა.

 

მედიაციის პროცესში  კლინიკის მონაწილე სტუდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მხარის წარმომადგენელი. დაუშვებელია მედიაციის კლინიკის რამდენიმე სტუდენტის მიერ ერთი და იმავე მედიაციის პროცესში სხვადასხვა მხარეების წარმომადგენლობა ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის მიზნით.