მედიატორთა სასერტიფიკატო პროგრამა
2011 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განმტკიცდა სავალდებულო სასამართლო მედიაციის ინსტიტუტი, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქმიანობის ახალი სფეროს სახელმწიფოში - მედიატორის სტატუსით სამედიაციო პრაქტიკაში მონაწილეობის სახით. 2019 წლის 18 სექტემბერს ,,მედიაციის შესახებ“ კანონის მიღებით და 2020 წლის პირველი იანვრიდან კანონის სრული ამოქმედებით დამკვიდრდა საკანონმდებლო პლატფორმა კერძო მედიაციის განვითარებისთვის, რომელიც მისი სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაციით, სამართლებრივი ძალმოსილებით, საკანონმდებლო გარანტიებითა და აღსრულების რეჟიმით ცალკეული არსობრივი თავისებურებების გარდა გაუთანაბრდა სასამართლო მედიაციას. კანონმა დაამკვიდრა როგორც მედიაციის ნორმატიული განმარტება, ასევე ახალი პროფესიის წარმომადგენლის - მედიატორის ცნება: მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანახმაა, წარმართოს მედიაცია, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა.
2019 წლის 14 დეკემბერს კანონის საფუძველზე შეიქმნა მედიატორთა თვითრეგულირების ორგანო, მედიატორთა პროფესიული გაერთიანება - სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, რომელმაც 2020 წლის 27 ივნისს დაამტკიცა მედიატორთა პროფესიული სტანდარტი და განსაზღვრა მედიაციის პროფესიაში შესვლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
მედიატორი, როგორც მხარეთა ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესის წარმმართველი ნეიტრალური მესამე პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის ნასამართლევი, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად გავლილი აქვს მედიატორის/მედიაციის ტრენინგი და ფლობს მედიატორთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს, რის საფუძველზეც ირიცხება მედიატორთა ერთიან რეესტრში. დემოკრატიულ საერთაშორისო მართლწესრიგში აღიარებული სტანდაეტების შესაბამისად, მედიაციის არ აქვს პროფესიული კუთვნილება, ამდენად მედიაციის ინტერდისციპლინურ პრაქტიკაში მედიატორის სტატუსის მოპოვების შემდეგ შეიძლება ჩაერთოს ნემისმიერი პროფესიის წარმომადგენელი.
სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, როგორც მედიატორთა თვითრეგულირების ერთიანი ორგანო, განსაზღვრავს მედიატორის პროფესიულ სტანდარტს და ადგენს მედიატორის პროფესიოში შესვლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნული ინსტიტუციური ფუნქციის განხორციელების გამოხატულება იყო 2020 წლის 27 ივნისს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთოკრების მიერ ერთსულოვნად მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცება.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ დამტკიცებული მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად, მედიაციის პროფესიაში შესვლა უკავშირდება სამი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლას: 1.ასოციაციის მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროგრამის წარმართვის უფლებამოსილების - აკრედიტაციის მქონე სუბიექტის (სერტიფიცირების პროვაიდერის) მიერ შეთავაზებული სულ მცირე 60-საათიან ტრენინგში წარმატებული მონაწილება. 2. მედიატორის პრაქტიკული პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების სიმუაციურ სესიებში შემოწმება ასოციაციის ორგანიზებით და მისივე ექსპერტების ხელმძღვანელობით. 3. მედიატორის მსურველი პირის რეალური მედიაციის გაძღოლის უნარ-ჩვევების განვითარება - რეალურ მედიაციებში მონაწილეობა ასოციაციის მიერ დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად სანამ მედიატორობის მსურველი მოიპოვებს მედიაციის დამოუკიდებლად წარმართვის უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნული სამი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულების შემდგომ მედიატორობის კანდიდატი ირიცხება ასოციაციის მედიატორთა ერთიან რეესტრში.
მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“
მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დ ე ბ უ ლ ე ბ ა (იხ. დანართი 1)
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი ფლობს სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ დამტკიცებული სერტიფიცირების პროგრამის წარმართვის უფლებამოსილებას პროგრამული/ინსტიტუციური აკრედიტაციის ფარგლებში.
სასერტიფიკატო პროგრამა მოიცავს 60 საათიან სწავლებას, რომელიც შეესაბამება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის მედიაციის ტრენინგის (სასწავლო მოდულის) მინიმალური მოთხოვნებს იხ. დანართი 2)
NCADR სასერტიფიკატო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო მეთოდოლოგიით NCADR-ის 10-წლიანი სერტიფიცირების გამოცდილების გათვალისწინებით და ეფუძნება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავებულ მედიატორთა ტრენინგ მოდულს. პროგრამის მასალების ნაწილი შეიქმნა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფარგლებში თსუ დავის ალტერნატიული გადაწვეტის ეროვნული ცენტრისა (TSU NCADR) და ჰიუსტონის სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCLH) (აშშ) აკადემიური თანამშრომლობის შედეგად.
NCADR-ის სასერტიფიკატო ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს 3 წლის განმავლობაში გაიაროს სასერტიფიკატო პროგრამის მე-2 ეტაპი - მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოცდა ასოციაციაში და მე-3 ეტაპი - რეალური მედიაციის წარმართვის უნარ-ჩვევების კომპონენტი მედიატორთა ერთიან რეესტრში გაწევრიანების მიზნით.
NCADR-ის 60-საათიანი სასერტიფიკატო პროგრამის (იხ. დღის წესრიგი 3) განხორციელებაში მონაწილეობენ სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ტრენერთა ერთიანი რეესტრის წევრები, CEDR-ის საერთაშორისო სერტიფიცირების საფუძველზე: ირაკლი ყანდაშვილი, ნათია ჩიტაშვილი, თორნიკე ბაქრაძე, დემეტრე ეგნატაშვილი, ირაკლი ადეიშვილი.
რეგისტრაცია გამოცხადდება 2021 წლის მაისში.