ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ეროვნული კონკურსი

2017-11-08

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი ,,მედიაციის მიმართ ცნობიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში“ აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტთა  სტუდენტური გუნდების რეგისტრაციას კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის ქართულენოვან ეროვნულ იმიტირებულ შეჯიბრში მონაწილეობისთვის.

 

,,მედიაციის მიმართ ცნობიერების ამაღლების პროგრამა“ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI/PROLoG) ხელშეწყობით ხორციელდება.

 

ეროვნული კონკურსი გაიმართება / 25-26 ნოემბერს (10:00 სთ.-დან 18:00 სთ-მდე) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ აკადემიურ კორპუსში (ჭავჭავაძის გამზ. #1, 0179, თბილისი, საქართველო) დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ექსპერტების ორგანიზებით. კონკურსში მონაწილე გუნდების მომზადების მიზნით 23-24 ნოემბერს  (10:00-დან 18:00 საათამდე) ჩატარდება მოსამზადებელი ტრენინგი მედიაციაში, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები დაეუფლებიან მედიაციის პროცესში კლიენტთა წარმომადგენლობის წარმართვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ტრენინგსა და ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის/დასწრების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც სტუდენტებზე, ისე მათ მწვრთნელებზე. 

 

კომერციულ მედიაციაში წარმომადგენლობის სტუდენტთა ეროვნულ კონკურსში შემფასებლებისა და მედიატორების სახით ჩართულნი იქნებიან საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის წევრები, სხვა სერტიფიცირებული მედიატორები, მედიაციის სფეროსთან აკადემიური ან/და პრაქტიკული საქმიანობით დაკავშირებული იურიდიული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

 

საქართველოს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისათვის დაარეგისტრიროს არა უმეტეს ერთი გუნდისა 3 ან 4 ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტისა და ერთი/ორი მწვრთნელის  შემადგენლობით.

 

გუნდის რეგისტრაცია ხორციელდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  ელექტრონულ მისამართზე: apply.ncadr@tsu.ge. რეგისტრირებული გუნდების შესახებ ინფორმაცია  ქვეყნდება ვებ-გვერდზე: ncadr.tsu.ge (სიახლეებში).

 

გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ განაცხადი და დასკანერებული სახით გამოგზავნოთ ზემოთ მითითებულ საფოსტო მისამართზე.

 

ხარვეზის მქონე განაცხადი არ მიიღება!

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა ა/წ 15 ნოემბერი. ამასთან, რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ამ თარიღის დადგომამდე, მას შემდეგ რაც ეროვნულ კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაციას  წარმატებით გაივლის 8 გუნდი.  რეგისტრაციის დასრულებისა და ყოველი დარეგისტრირებული გუნდის  შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ცხადდება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე:www.ncadr.tsu.ge. სარეგისტრაციო პორტალის დახურვის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრაციის მიზნებისთვის არ განიხილება.

 

რეგიონალური უნივერსიტეტების გუნდების წევრთა თბილისის სასტუმროში განთავსების საკითხი განიხილება დაფინანსების ფარგლების გათვალისწინებით. დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ გუნდს/გუნდებს, რომელიც რეგისტრაციის გამოცხადების მომენტიდან ყველაზე ადრე წარმოადგენს განაცხადს და წარმატებით გაივლის რეგისტრაციას.

 

განაცხადის წარმოდგენის შემდეგ რეგისტრირებული გუნდი  კარგავს რეგისტრაციის გაუქმების უფლებას, რადგან ეროვნული კონკურსის ორგანიზებისათვის აუცილებელი წინაპირობაა მასში 8 სტუდენტური გუნდის მონაწილეობა.

 

ტრენინგისა და ეროვნული კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  +995 577 94 97 78

 

კონკურსის წესები

მსაჯების ინსტრუქცია

მედიატორის ინსტრუქცია

შეფასების კრიტერიუმები